imedi /  18 აპრილი 2017, 13:03 / სანდო წყარო

მოძრაობა Femen-ის აქტივისტებმა მარინ ლე პენის გამოსვლის ჩაშლა სცადეს

ინციდენტი მარინ ლე პენის გამოსვლისას

პარიზში, მოძრაობა Femen-ის ნახევრად შიშველმა აქტივისტებმა „ეროვნული ფრონტის“ ლიდერის და საპრეზიდენტო კანდიდატის, მარინ ლე პენის სიტყვით გამოსვლის ჩაშლა სცადეს. ამის შესახებ ტელეკომპანია BFMTV-ი იუწყება.

ტელეკომპანიის ცნობით, ინციდენტი ორშაბათს საღამოს მოხდა პარიზის ერთ-ერთ საკონცერტო დარბაზში. ნახევრად შიშველი ქალი, რომელსაც ხელში ყვავილების თაიგული ეჭირა, სცენაზე ავიდა, სადაც პრეზიდენტობის კანდიდატი სიტყვით გამოდიოდა და მას თაიგული ესროლა. ქალი დაცვამ მალევე გაიყვანა, თუმცა ცოტა ხანში მეორე აქტივისტმა სცადა იმავეს გამეორება.

მარინ ლე პენის რეაქცია ფემინისტების საქციელზე ირონიული იყო. მან განაცხადა, რომ Femen-ის ქმედებები „ფასეულობების სრულ აღრევაზე მეტყველებს. ლე პენმა თავის თავს ერთადერთი ქალი უწოდა, რომელიც ქალთა უფლებებს იცავს. პრეზიდენტობის კანდიდატის სიტყვით გამოსვლის პარალელურად, საკონცერტო დარბაზთან საპროტესტო აქცია მიმდინარეობდა, რომელშიც 400-მა ადამიანმა მიიღო მონაწილეობა. პოლიციამ აქციის დასაშლელად ცრემლსადენი გაზი გამოიყენა.

 

მოძრაობა Femen, რომელიც 2012 წელს არის დარეგისტრირებული საფრანგეთში, მსოფლიო მასშტაბით ეპატაჟურ აქციებს მართავს. მოძრაობის ფილიალები სხვა ქვეყნებშიც არსებობს.

საფრანგეთის საპრეზიდენტო არჩევნები აპრილის ბოლოს და მაისში, ორ ტურად, ტარდება. მასში 11 კანდიდატი მონაწილეობს.

კომენტარები ()