imedi /  21 აპრილი 2017, 08:59 / სანდო წყარო

ევროპარლამენტის ხელმძღვანელი Brexit-ის გაუქმების შესაძლებლობას ხედავს

ანტონიო ტაიანი

ევროპარლამენტის პრეზიდენტმა ანტონიო ტაიანიმ განაცხადა, რომ ევროკავშირიდან დიდი ბრიტანეთის გასვლის საკითხი შეიძლება შეჩერდეს, თუკი მოსალოდნელ ვადამდელ საპარლამენტო არჩევნებზე ბრიტანელები ახალ მთავრობას აირჩევენ. „თუკი დიდი ბრიტანეთი არჩევნების შემდეგ Brexit-ის გაუქმებას მოინდომებს, ეს ძალიან ადვილი პროცედურა იქნება. ბრიტანეთის ევროკავშირში დარჩენა ყველასთვის სასარგებლო იქნება და მე ეს ძალიან გამიხარდება,“- განაცხადა ტაიანიმ გაზეთ Guardian-თან ინტერვიუში. 

ოთხშაბათს, დიდი ბრიტანეთის პარლამენტმა ქვეყნის პრემიერმინისტრ ტერეზა მეის ინიციატივას, მიმდნარე წლის 8 ივნისს ვადამდელი საპარლამენტო არჩევნების დანიშვნის შესახებ მხარი დაუჭირა.  

პრემიერმა 29 მარტს ხელი მოაწერა წერილს, რითაც Brexit-ი ამოქმედდა. ოფიციალური შეტყობინება ლისაბონის შეთანხმების 50-ე მუხლის მიხედვითაა შედგენილი. დოკუმენტი ევროკავშირის პრეზიდენტ დონალდ ტუსკს წარედგინა.

ლორდთა პალატამ Brexit-ი 14 მარტს დაამტკიცა. დედოფალმა ელისაბედ II-მ დოკუმენტს ხელი 16 მარტს მოაწერა.

2016 წლის 23 ივნისს გაერთიანებული სამეფოს ევროკავშირიდან გასვლას მხარი დაუჭირა რეფერენდუმში მონაწილეთა ნახევარზე მეტმა. ევროკავშირიდან გასვლის მოწინააღმდეგე პრემიერი დევიდ კამერონი გადადგა.

გეგმის მიხედვით, დიდი ბრიტანეთი ევროკავშირს საბოლოოდ 2019 წლის მარტში დატოვებს.

კომენტარები ()