imedi /  21 აპრილი 2017, 12:22 / სანდო წყარო

პარიზის ტერაქტში ეჭვმიტანილი ბელგიის პოლიციაში გამოცხადდა

პარიზში მომხდარ ტერაქტში ერთ-ერთი ეჭვმიტანილი, ბელგიაში, ქალაქ ანტვერპენის პოლიციაში გამოცხადდა. ამის შესახებ AFP წერს.

იმის შესახებ, ცნობს თუ არა პოლიციაში მისული ეჭვმიტანილი თავს დამნაშავედ, ჯერჯერობით არაფერია ცნობილი. მანამდე, საფრანგეთის შინაგან საქმეთა სამინისტროს წარმომადგენელმა რადიო Europe 1-ის ეთერში განაცხადა, რომ ბელგიის ხელისუფლებასთან ერთად თავდასხმაში სავარაუდო მეორე ეჭვმიტანილს ეძებს.

ბელგიის გენერალური პროკურორის განცხადებით, ეჭვმიტანილის ვინაობა, ისევე როგორც მისი მოქალაქეობა დადგენილი არ არის. 

ტერაქტი 20 აპრილს, საღამოს, ელისეს მინდვრების ქუჩაზე მოხდა. დაშავდა სამი პოლიციელი, ერთი ადგილზე გარდაიცვალა, მეორე მოგვიანებით. მეორე პოლიციელის დაღუპვის შესახებ ინფორმაცია Reuters-მა პოლიციაზე დაყრდნობით გაავრცელა, თუმცა საფრანგეთის ელჩი საქართველოში აცხადებს, რომ მეორე პოლიციელი არ დაღუპულა, ის საავადმყოფოშია მძიმე მდგომარეობაში.  
სამართალდამცველების ცნობით, ადამიანი, რომელმაც პოლიციელებს ცეცხლი გაუხსნა, ლიკვიდირებულია. როგორც გაირკვა, ის ცნობილი იყო სპეცსამსახურებისთვის, როგორც რადიკალი ისლამისტი. მეორე თავდამსხმელმა კი გაქცევა მოახერხა. 

თვითმხილველების თქმით, პოლიციელებს ცეცხლი მანქანიდან გადმოსულმა კაცმა გაუხსნა, რომელიც თითქოს ავტომატით იყო შეიარაღებული. ინციდენტი იმ დროს მოხდა, როდესაც საფრანგეთის ტელევიზიით, არჩევნების წინ პრეზიდენტობის კანდიდატთა ბოლო დებატები იმართებოდა. პარიზის ცენტრში მომხდარ თავდასხმაზე პასუხისმგებლობა "ისლამურმა სახელმწიფომ" აიღომომხდარს ტერაქტის კვალიფიკაცია საფრანგეთის პრეზიდენტმაც მისცა, - წერს BBC. 

კომენტარები ()