imedi /  21 აპრილი 2017, 15:26 / სანდო წყარო

საფრანგეთის პრემიერი ტერაქტის გამო არჩევნების გადადების მიზეზს ვერ ხედავს

ბერნარ კაზნევი

საფრანგეთის პრემიერმინისტრმა ბერნარ კაზნევმა განაცხადა, რომ პარიზში გუშინ მომხდარი ტერაქტი საპრეზიდენტო არჩევნების ჩატარბაზე არ იმოქმედებს. ამის შესახებ Liberation-ი იუწყება. „დემოკრატიულ პროცესს ვერაფერი შეაჩერებს. მე მოქალაქეების ღირსების და პასუხისმგებლობის იმედი მაქვს. ჩვენი ვალია არ შეგვეშინდეს,“- განაცხადა კაზნევმა ქვეყნის ნაციონალური უშიშროების საბჭოს სხდომის შემდეგ.

პრემიერმა ასევე აღნიშნა, რომ საპრეზიდენტო არჩევნების პირველ ტურზე უსაფრთხოებას 50 ათასი პოლიციელი, ჟანდარმი და სამხედრო დაიცავს. 

ტერაქტი პარიზში 20 აპრილს, საღამოს, ელისეს მინდვრების ქუჩაზე მოხდა. დაშავდა სამი პოლიციელი, ერთი ადგილზე გარდაიცვალა, მეორე მოგვიანებით. მეორე პოლიციელის დაღუპვის შესახებ ინფორმაცია Reuters-მა პოლიციაზე დაყრდნობით გაავრცელა, თუმცა საფრანგეთის ელჩი საქართველოში აცხადებს, რომ მეორე პოლიციელი არ დაღუპულა, ის საავადმყოფოშია მძიმე მდგომარეობაში.  
სამართალდამცველების ცნობით, ადამიანი, რომელმაც პოლიციელებს ცეცხლი გაუხსნა, ლიკვიდირებულია. როგორც გაირკვა, ის ცნობილი იყო სპეცსამსახურებისთვის, როგორც რადიკალი ისლამისტი. მეორე თავდამსხმელმა კი გაქცევა მოახერხა. 

თვითმხილველების თქმით, პოლიციელებს ცეცხლი მანქანიდან გადმოსულმა კაცმა გაუხსნა, რომელიც თითქოს ავტომატით იყო შეიარაღებული. ინციდენტი იმ დროს მოხდა, როდესაც საფრანგეთის ტელევიზიით, არჩევნების წინ პრეზიდენტობის კანდიდატთა ბოლო დებატები იმართებოდა. პარიზის ცენტრში მომხდარ თავდასხმაზე პასუხისმგებლობა "ისლამურმა სახელმწიფომ" აიღომომხდარს ტერაქტის კვალიფიკაცია საფრანგეთის პრეზიდენტმაც მისცა, - წერს BBC. 

23 აპრილს საფრანგეთში საპრეზიდენტო არჩევნების პირველი ტური გაიმართება.

კომენტარები ()