imedi /  21 აპრილი 2017, 21:43 / სანდო წყარო

პარიზელი ტერორისტის ვინაობა ცნობილია

კარიმ შერფი

კაცს, რომელმაც პარიზის ცენტრში პოლიციელებს ცეცხლი გაუხსნა, კარიმ შერფი ერქვა. პარიზის პროკურატურაზე დაყრდნობით ინფორმაციას BBC ავრცელებს. 

სამართალდამცველების თქმით, ექსტრემისტულ დაჯგუფებებთან შერფის კავშირი ჯერჯერობით არ დადგენილა. მედიის ცნობით, შერფი ოთხჯერაა ნასამართლევი. 

გარდა ამისა, პარიზის პროკურორი, ფრანსუა მოლენსი ადასტურებს, რომ ტერაქტის შემსრულებლის ცხედართან ნაპოვნია წერილი, რომელშიც ტერორისტული დაჯგუფება "ისლამური სახელმწიფოა" ნახსენები.

“კარიმ შერფის ცხედართან ნაპოვნ წერილში, რომელიც, როგორც ჩანს, მას ჯიბიდან ამოუვარდა, ისლამური სახელმწიფოს მხარდამჭერი ხელნაწერი შეტყობინება იყო“, - განაცხადა მოლენსმა CBS News-ის ეთერში.

ინციდენტი 20 აპრილს, საღამოს, ელისეს მინდვრების ქუჩაზე მოხდა. დაშავდა სამი პოლიციელი, ერთი ადგილზე გარდაიცვალა. თავდასხმაზე პასუხისმგებლობა "ისლამურმა სახელმწიფომ" აიღო. ორგანიზაციის ცნობით, გზავნილში, რომელიც "ისლამური სახელმწიფოს" სააგენტო Amaq-მა გაავრცელა, დამნაშავე მოხსენიებულია, როგორც აბუ იუსუბ ალ-ბელჟიკი. გვარის ბოლო ნაწილი იმაზე მიუთითებს, რომ ის ბელგიიდანაა.

თუმცა ადამიანი, რომელიც ბელგიის პოლიციას ჩაბარდა, უდანაშაულოდ ცნეს."ამჟამად, არ გაგვაჩნია არავითარი მტკიცებულება იმისა, რომ ტერაქტის კვალი ბელგიისკენ მოდის", - აცხადებენ სამართალდამცველები. 

კომენტარები ()