imedi /  28 ივნისი 2017, 18:06 / სანდო წყარო

ფხენიანმა სამხრეთ კორეის ყოფილ პრეზიდენტს სიკვდილი მიუსაჯა

ჩრდილოეთ კორეამ სამხრეთ კორეის ყოფილ პრეზიდენტს პან კინ ხეს და დაზვერვის სამსახურის უფროსს ლი ბენ ხოს დაუსწრებლად სასიკვდილო განაჩენი გამოუტანა. ფხენიანის მტკიცებით, ასეთი სასჯელი მათ ჩრდილოეთ კორეის ლიდერის კიმ ჩენ ინის მკვლელობის მომზადებისთვის გამოუტანეს.

ფხენიანი სამხრეთ კორეისგან  პან კინ ხეს და ლი ბენ ხოს გადაცემას ითხოვს. „ვაცხადებთ, რომ თუკი აშშ-ი და მისი მარიონეტული ძალები კვლავ დაგეგმავენ ჩრდილოეთ კორეის ლიდერის მიმართ სახელმწიფო ტერორიზმს, ჩვენ ყოველგვარი გაფრთხილების გარეშე სიკვდილით დავსჯით შეთქმულების ორგანიზატორებს და მონაწილეებს,“- ნათქვამია ჩრდილოეთ კორეის უსაფრთხოების სამინისტროს და პროკურატურის განცხადებაში.  

სამხრეთ კორეის ყოფილი პრეზიდენტი პან კინ ხე, თანამდებობიდან მარტში საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილების შემდეგ გადააყენეს. იმპიჩმენტის გამოცხადების შემდეგ პან კინ ხე დააპატიმრეს. 

პროკურატურის განცხადებით, პრეზიდენტი პაკ კინ ხე, თანაშემწესთან ერთად სარფიანი გარიგებების სანაცვლოდ, კომპანია Samsung-ის ვიცეპრეზიდენტისგან სოლიდურ თანხას იღებდა. 2016 წლის ოქტომბერში სამხრეთკორეულ პრესაში გავრცელდა ინფორმაცია, რომ მსხვილმა სამხრეთკორეულმა კორპორაციებმა, მათ შორის Samsung-მა, ქვეყნის მმართველთან დაახლოებული ქალის ჩხვე სუნ სილის მიერ შექმნილ ფონდებში დიდი რაოდენობის ფული გადარიცხეს. პრესის მტკიცებით, პრეზიდენტის მეგობარი, რომელსაც არანაირი ოფიციალური თანმდებობა არ ეკავა, ერეოდა პრეზიდენტის ადმინისტრაციის საქმეებში და კავშირების გამოყენებით მნიშვნელოვან სარგებელს იღებდა.

კომენტარები ()