Imedi /  12 ივლისი 2017, 16:34 / სანდო წყარო

CNN-ის მიერ გამოქვეყნებული საიდუმლო დოკუმენტები კატარის კრიზისის მიზეზებს ხსნის

დოჰა
კატარი

კატარმა არაბულ ქვეყნებთან, 2013-2014 წლებში, ახლო აღმოსავლეთში ოპოზიციურად განწყობილი ჯგუფებისა და ტერორისტული ორგანიზაციების დაფინანსების აკრძალვასთან დაკავშირებით, რამდენიმე მნიშვნელოვანი შეთანხმება გააფორმა. ამის შესახებ ინფორმაციას CNN-ი ავრცელებს და დოკუმენტებსაც ასაჯაროებს. ტელეკომპანია დასძენს, რომ სწორედ ამ შეთანხმებების დარღვევამ გამოიწვია კატარის კრიზისი.

პირველი შეთანხმება საუდის არაბეთის სამეფოსა და კატარისა და ქუვეითის ემირებს შორის 2013 წლის 23 ნოემბერს არის ხელმოწერილი, რომელიც კრძალავს სპარსეთის ყურის ქვეყნების მხრიდან ეგვიპტისა და იემენის შეიარაღებული ოპოზიციის მხარდაჭერას და ამ ქვეყნების შიდა პოლიტიკურ საქმიანობაში ჩარევას. დოკუმენტში განსაკუთრებით ხაზგასმულია ეგვიპტეში მოქმედი ტერორისტული დაჯგუფების "მუსლიმთა საძმო"-ს ფინანსური დახმარების აკრძალვა.

მეორე შეთანხმება 2014 წლის 16 ნოემბრით თარიღდება. მას ხელს აწერენ ბაჰრეინის მეფე და აბუ-დაბის პრინცი, რომელიც ამავდროულად არაბთა გაერთიანებული ემირატების პრემიერმინისტრიც არის. ამ დოკუმენტში ტელეკომპანია ალ-ჯაზირას შესახებ არის საუბარი, რომელსაც ოფიციალური დოჰა ეგვიპტის კანონიერი ხელისუფლებისთვის პოლიტიკური გზავნილების გასაჟღერებლად იყენებდა.

კატარის ხელისუფლება აცხადებს, რომ ეს შეთანხმებები საუდის არაბეთმა და არაბთა გაერთიანებულმა ემირატებმა "თავად დაარღვიეს".

კატარის კრიზისი 5 ივნისს დაიწყო, როდესაც 6-მა არაბულმა ქვეყანამ (საუდის არაბეთი, არაბეთის გაერთიანებული საამიროები, ბაჰრეინი, ეგვიპტე, იემენი, ლიბია), მალდივის, მავრიკისა და მავრიტანიის რესპუბლიკამ, ტერორიზმის დაფინანსებისა და რეგიონში დესტაბილიზაციის მხარდაჭერის ბრალდებით, კატართან დიპლომატიური ურთიერთობა გაწყვიტა.

23 ივნისს ქუვეითმა, შუამავლის სტატუსით, კატარს მოთხოვნების 13-პუნქტიანი სია გადასცა. ბაჰრეინი, საუდის არაბეთი, არაბთა გაერთიანებული საემიროები და ეგვიპტე კატარისგან ითხოვენ, გაწყვიტოს ირანთან კონტაქტი, დახუროს თურქული სამხედრო ბაზა და ასევე, ტელეკომპანია „ალ-ჯაზირა“, რომელსაც პროპაგანდის გავრცელებაში სდებენ ბრალს. ამ მოთხოვნების შესასრულებლად კატარს დრო 2 ივლისამდე მისცეს.

24 ივნისს კატარის ხელისუფლებამ, სპარსეთის ყურის ქვეყნების მხრიდან წაყენებულ ულტიმატუმს არარეალური უწოდა. "მოთხოვნების სია კიდევ ერთხელ ამყარებს იმ მოსაზრებას, რასაც კატარი თავიდანვე ამბობდა - არალეგალური ბლოკადა არავითარ კავშირში არ არის ტერორიზმის წინააღმდეგ ბრძოლასთან. ეს კატარის სუვერენიტეტის საწინააღმდეგოდ მიზანმიმართული ბრძოლაა", - განაცხადა მთავრობის პრესსპიკერმა შეიხ საიფ ალ-ტანიმ.

კომენტარები ()