imedi /  16 ივლისი 2017, 08:20 / სანდო წყარო

საფრანგეთი კატარისთვის სანქციების მოხსნას ითხოვს

დოჰა, კატარი

საფრანგეთის საგარეო საქმეთა მინისტრი კატარის მიმართ სანქციების მოხსნის ინიციატივით გამოდის. ინფორმაციას Reuters-ი ავრცელებს.

„რაც შეიძლება მალე უნდა გადაწყდეს კატარისთვის სანქციების მოხსნის საკითხი, რადგან ეს თემა ჩვენი მოსახლეობისთვის ძალიან მნიშვნელოვანია. ოჯახის წევრები, რომლებიც სხვადასხვა ქვეყნებიდან არიან აღმოჩნდნენ განცალკავებულები, ასევე, პრობლემები შეექმნათ სტუდენტებს“, - განაცხადა საფრანგეთის საგარემო საქმეთა მინისტრმა ჟან-ივ ლე დრიანმა დოხაში ვიზიტის დროს.

საფრანგეთის საგარეო საქმეთა მინისტრი კატარში, კუვეიტში, საუდის არაბეთსა და გაერთიანებულ ემირატებში იმყოფებოდა. საფრანგეთი სრულად უჭერს მხარს კუვეიტის წინადადებას, კონფლიქტის დარეგულირების შესახებ.

კატარის კრიზისი 5 ივნისს დაიწყო, როდესაც 6-მა არაბულმა ქვეყანამ (საუდის არაბეთი, არაბეთის გაერთიანებული საამიროები, ბაჰრეინი, ეგვიპტე, იემენი, ლიბია), მალდივის, მავრიკისა და მავრიტანიის რესპუბლიკამ, ტერორიზმის დაფინანსებისა და რეგიონში დესტაბილიზაციის მხარდაჭერის ბრალდებით, კატართან დიპლომატიური ურთიერთობა გაწყვიტა.

კომენტარები ()