imedi /  16 ივლისი 2017, 11:02 / სანდო წყარო

ერდოღანი: თურქეთი სამართლებრივი სახელმწიფო რომ არ ყოფილიყო, ათი ათასობით მოღალატე ორმოებში იქნებოდა

რეჯეფ თაიფ ერდოღანი

თურქეთში არშემდგარი სახელმწიფო გადატრიალებიდან ერთი წელი აღნიშნეს. მიტინგები და მსვლელობები თურქეთის ათეულობით ქალაქში გაიმართა. ინფორმაციას BBC ავრცელებს.

„თურქეთი სამართლებრივი სახელმწიფო რომ არ ყოფილიყო, ათი ათასობით მოღალატე არა გისოსებს მიღმა, არამედ ორმოებში იქნებოდა“, - განაცხადა თურქეთის პრეზიდენტმა რეჯეფ თაიფ ერდოღანმა ანკარაში სიტყვით გამოსვლისას.

მისი თქმით, თურქი ხალხის ბრძოლამ 2016 წლის 15 ივლისის სახელმწიფო გადატრიალების მცდელობის წინააღმდეგ მსოფლიო დემოკრატიის ისტორიაში ახალი გვერდი გადაშალა.

ერდოღანმა ხაზგასმით აღნიშნა, რომ გიულენის მომხრეებმა უღალატეს სახელმწიფოს.

„პუტჩამდე დიდი ხნით ადრე მე გიულენს მოვუწოდე თურქეთში დაბრუნებულიყო! რატომ არ დაბრუნდა? პასუხი მარტივია: ტერორისტების ხელმძღვანელმა კარგად იცის, როგორი იქნებოდა მისი ბედი დაბრუნებისთანავე“, - განაგრძო თურქეთის პრეზიდენტმა.

რეჯეფ თაიფ ერდოღანი ასევე შეეხო საგანგებო მდგომარეობის საკითხს, რომელიც თურქეთში შემოღებული იყო სახელმწიფო გადატრიალების მცდელობის შემდეგ.

„საგანგებო მდგომარეობის რეჟიმი მხოლოდ მაშინ გაუქმდება, როდესაც საფრთხეები აღმოიფხვრება და ტერორიზმთან ბრძოლის მიზანი მიღწეული იქნება“, - დასძინა თურქეთის ლიდერმა.

თურქეთში სახელმწიფო გადატრიალების მცდელობას შარშან მსხვერპლი მოჰყვა. ოფიციალური ინფორმაციით, დაიღუპა 260 ადამიანი. თურქეთის მთავრობა ამბოხის სულისჩამდგმელად აშშ-ში მცხოვრებ ოპოზიციონერ ფეთჰულა გიულენს მიიჩნევს.

ერთი წლის განმავლობაში თურქეთში 50 ათასი ადამიანი დააკავეს. მათ ბრალად გიულენის მოძრაობის წევრობა ედებათ. ანალოგიური ბრალდებით 150 ათასზე მეტი სახელმწიფო მოხელე თანამდებობიდან გაათავისუფლეს.

კომენტარები ()