imedi /  17 ივლისი 2017, 09:56 / სანდო წყარო

WP: კატარზე ჰაკერული თავდასხმა საამიროებმა მოაწყო

კატარი

კატარის სახელმწიფო საინფორმაციო სააგენტოზე ჰაკერული თავდასხმა, რომელმაც რეგიონში კრიზისი გამოიწვია, არაბთა გაერთიანებული საამიროების მიერ იყო ორგანიზებული. ამის შესახებ Washington Post აშშ-ის დაზვერვის მაღალჩინოსანზე დაყრდნობით წერს.

გამოცემის ცნობით, ამერიკის დაზვერვის თანამშრომლების მიერ ჩატარებული გამოძიებიდან დადგინდა, რომ არაბთა გაერთიანებული საამიროების მაღალჩინოსნები 23 მაისს კიბერშეტევის გეგმას და მის რეალიზებას განიხილავდნენ. კიბერთავდასხმა კი 24 მაისს განხორციელდა. ამასთან, ჯერჯერობით დაუდგენელია, უშუალოდ საამიროებმა განახორციელეს შეტევა თუ სხვა მხარეს მიმართეს დახმარებისთვის.  

კატარსა და მის მეზობლებს შორის კონფლიქტი ერ-რიადში სპარსეთის ყურის და აშშ-ის სამიტიდან ერთ კვირაში დაიწყო. კატარის ახალი ამბების სააგენტომ ქვეყნის ამირის სახელით მიმართა გაავრცელა, სადაც ის ირანთან დიალოგს მხარს უჭერდა. მოგვიანებით, სააგენტომ გაავრცელა ინფორმაცია, რომ ყალბი მიმართვა კიბერთავდასხმის შედეგად ჰაკერებმა გაავრცელეს. კატარის საგარეო საქმეთა სამინისტრომაც ასევე განაცხადა, რომ ახლო აღმოსავლეთის ზოგიერთი ქვეყანა ამ კიბერთავდასხმაში მონაწილეობდა. 

კატარის კრიზისი 5 ივნისს დაიწყო, როდესაც 6-მა არაბულმა ქვეყანამ (საუდის არაბეთი, არაბეთის გაერთიანებული საამიროები, ბაჰრეინი, ეგვიპტე, იემენი, ლიბია), მალდივის, მავრიკისა და მავრიტანიის რესპუბლიკამ, ტერორიზმის დაფინანსებისა და რეგიონში დესტაბილიზაციის მხარდაჭერის ბრალდებით, კატართან დიპლომატიური ურთიერთობა გაწყვიტა.

კომენტარები ()