Imedi /  17 ივლისი 2017, 11:00 / სანდო წყარო

სეულმა ფხენიანს სამხედრო მოლაპარაკება შესთავაზა

სამხრეთ კორეამ ჩრდილოთ კორეას, ნახევარკუნძულზე დაძაბულობის მოხსნის მიზნით, სამხედრო მოლაპარაკება შესთავაზა. ინფორმაციას BBC ავრცელებს.

დიალოგის აღდგენის იდეა სამხრეთ კორეის პრეზიდენტს მუნ ჯე ინს ეკუთვნის. თუ ფხენიანი შეთავაზებას დათანხმდა, მოლაპარაკებები დემილიტარიზებულ ზონაში გაიმართება. 

სამხედრო მოლაპარაკებები, სავარაუდოდ, 21 ივლისს ჩატარდება. 

ფხენიანმა კონტინენტთაშორისი ბალისტიკური რაკეტა 4 ივლისს გამოსცადა. ამერიკელმა და სამხრეთკორეელმა სამხედროებმა ჩრდილოეთ კორეის მიერ ბალისტიკური რაკეტის გამოცდის საპასუხოდ ერთობლივი სწავლება ჩაატარეს. 12 ივლისს კი ამერიკის შეერთებულმა შტატებმა რაკეტსაწინააღმდეგო სისტემა გამოსცადა. ალასკაზე განთავსებულმა სისტემამ ჰავაიდან გაშვებული საცდელი რაკეტა წარმატებით დაიჭირა. გამოცდის მიზანი ბალისტიკური რაკეტის თავიდან აცილება იყო.

კომენტარები ()