Imedi /  17 ივლისი 2017, 15:14 / სანდო წყარო

არაბთა გაერთიანებული საამიროები კატარზე ჰაკერულ თავდასხმას უარყოფს

ანვარ გარგაში

არაბთა გაერთიანებული საამიროები, კატარის სახელმწიფო საინფორმაციო სააგენტოზე ჰაკერულ თავდასხმას უარყოფს. საამიროების საგარეო საქმეთა მინისტრის, ანვარ გარგაშის განცხადებით Washington Post-ის მიერ გავრცელებული ინფორმაცია "ყალბია და არ შეესაბამება სიმართლეს".

Washington Post-მა აშშ-ის დაზვერვის მაღალჩინოსანზე დაყრდნობით დაწერა, რომ  არაბთა გაერთიანებული საამიროების მაღალჩინოსნები 23 მაისს კიბერშეტევის გეგმას და მის რეალიზებას განიხილავდნენ. კიბერთავდასხმა კი 24 მაისს განხორციელდა. ამასთან, ჯერჯერობით დაუდგენელია, უშუალოდ საამიროებმა განახორციელეს შეტევა თუ სხვა მხარეს მიმართეს დახმარებისთვის.  

კატარსა და მის მეზობლებს შორის კონფლიქტი ერ-რიადში სპარსეთის ყურის და აშშ-ის სამიტიდან ერთ კვირაში დაიწყო. კატარის ახალი ამბების სააგენტომ ქვეყნის ამირის სახელით მიმართა გაავრცელა, სადაც ის ირანთან დიალოგს მხარს უჭერდა. მოგვიანებით, სააგენტომ გაავრცელა ინფორმაცია, რომ ყალბი მიმართვა კიბერთავდასხმის შედეგად ჰაკერებმა გაავრცელეს. კატარის საგარეო საქმეთა სამინისტრომაც ასევე განაცხადა, რომ ახლო აღმოსავლეთის ზოგიერთი ქვეყანა ამ კიბერთავდასხმაში მონაწილეობდა. 

შეგახსენებთ, რომ კატარის კრიზისი 5 ივნისს დაიწყო, როდესაც 6-მა არაბულმა ქვეყანამ (საუდის არაბეთი, არაბეთის გაერთიანებული საამიროები, ბაჰრეინი, ეგვიპტე, იემენი, ლიბია), მალდივის, მავრიკისა და მავრიტანიის რესპუბლიკამ, ტერორიზმის დაფინანსებისა და რეგიონში დესტაბილიზაციის მხარდაჭერის ბრალდებით, კატართან დიპლომატიური ურთიერთობა გაწყვიტა.

კომენტარები ()