imedi /  18 ივლისი 2017, 00:09 / სანდო წყარო

თეთრი სახლი ვენესუელაში შექმნილ კრიზისში მადუროს ხელისუფლებას ადანაშაულებს

ვენესუელა

ვენესუელაში მიმდინარე პოლიტიკურ კრიზისს თეთრი სახლი ეხმაურება. პრესსპიკერ შონ სპაისერის განცხადებით, ტრამპის ადმინისტრაცია გმობს ვენესუელაში განვითარებულ ძალადობრივ ქმედებებს და თავისუფალი და დამოუკიდებელი არჩევნების ჩატარებისკენ მოუწოდებს ქვეყნის ხელისუფლებას. ამის შესახებ Associated Press-ი ავრცელებს ინფორმაციას.

"შეშფოთებულები ვართ იმით, რაც ხდება. ვგმობთ ძალადობას, რომლის პროვოცირებასაც ხელისუფლებაში მყოფი პირები უდანაშაულო ამომრჩევლების მიმართ ახდენენ. ასევე, ვგმობთ, ხელისუფლების მცდელობას, დაანგრიოს ქვეყანაში არსებული დემოკრატია", - აცხადებს შონ სპაისერი.

ვენესუელის ოპოზიციის ცნობით, გუშინ ჩატარებულ რეფერენდუმში, რომელსაც ხელისუფლება არ აღიარებს, 7 მილიონზე მეტი ადამიანი მონაწილეობდა. რეფერენდუმზე მოსახლეობის უმეტესობამ პრეზიდენტ ნიკოლას მადუროს ინიციატივას, რომელიც დამფუძნებელი კრების მოწვევას ეხება, მხარი არ დაუჭირა.

აპრილის დასაწყისიდან ვენესუელაში მასობრივი საპროტესტო აქციები მიმდინარეობს. ამის მიზეზი უზენაესი სასამართლოს გადაწყვეტილება გახდა, რომელმაც ოპოზიციურ ნაციონალურ ასამბლეას უფლებები შეუზღუდა. ეს გადაწყვეტილება მოგვიანებით გაუქმდა, თუმცა ოპოზიცია საპროტესტო აქციებს მართავს სასამართლოს წევრების გადადგომის და ვადამდელი არჩევნების გამართვის მოთხოვნით. ისინი დამფუძნებელი კრების მოწვევასაც ეწინააღმდეგებიან და მიაჩნიათ, რომ ეს კონსტიტუციის შეცვლის მცდელობაა.

13 ივნისს, ვენესუელაში დემონტრანტებმა უმაღლესი სასამართლოს შენობა დაწვეს

ქვეყნის პრეზიდენტს, ნიკოლას მადუროს ოპოზიციის მიერ კონტროლირებადი პარლამენტის დაშლა სურს. მისი ინიციატივაა შეცვალოს სახელმწიფო წყობა და შექმნას 500-კაციანი საკონსტიტუციო ასამბლეა.

ბოლო მონაცემებით, საპროტესტო აქციებს 92 ადამიანი შეეწირა.

კომენტარები ()