imedi /  06 აგვისტო 2017, 23:57 / სანდო წყარო

პოლონეთი მიგრანტებს მხოლოდ აღმოსავლეთ ევროპიდან მიიღებს

პოლონეთი მზად არის მიგრანტები მიიღოს, თუმცა საკუთარი პირობები აქვს. პოლონეთის საგარეო საქმეთა მინისტრ ვიტოლდ ვაშიკოვსკის განცხადებით, პოლონეთი მიიღებს აღმოსავლეთ ევროპიდან წამოსულ მიგრანტებს, მაგრამ ქვეყანაში შეშვებაზე უარს ეტყვის ახლო აღმოსავლეთიდან ჩასულ ადამიანებს. ამის შესახებ მან რუსულ სააგენტო РИА-სთან ინტერვიუში განაცხადა.

"პოლონეთი მიგრაციისთვის ღიაა. გასულ წელს 1 267 000 უკრაინელს მივეცით ვიზა, რომელთა ნახევარი მუშობის უფლებასაც ითვალისწინებდა. შედეგად, პოლონეთში მილიონამდე უკრაინელი ცხოვრობს", - განაცხადა ვაშიკოვსკიმ.

პოლონეთის საგარეო უწყების ხელმძღვანელი დასძენს, რომ ოფიციალურ ვარშავას არ სურს სამხრეთ აფრიკიდან და ახლო აღმოსავლეთიდან წამოსულ მიგრანტთა სავალდებულო განსახლების პროცესში მონაწილეობა.

"ევროკავშირის 2015 წლის შეთანხმების შესრულებაზე უარს ვამბობთ. უპირველეს ყოვლისა, ვფიქრობთ, რომ ეს გადაწყვეტილება უკანონოა, ვინაიდან ევროკავშირთან დადებულ შეთანხმებებს არ შეესაბამება. მეორეს მხრივ კი არ გვსურს ქვეყანაში შევქმნათ მიგრანტთა მუდმივმოქმედი მექანიზმი", - განაცხადა ვასიკოვსკიმ.

პოლონეთი უარს ამბობს ევროკავშირის ტერიტორიაზე შემოსული ლტოლვილების მიღებაზე, რითიც 2015 წლის სექტემბრის შეთანხმებას არღვევს. შეთანხმების მიხედვით, ევროკავშირის წევრი ქვეყნების შინაგან საქმეთა სამინისტროებმა, ხმათა უმრავლესობით გადაწყვიტეს, რომ ევროკავშირის ტერიტორიაზე მყოფ თავშესაფრის მაძიებელ 40 ათას ადამიანსა და 120 ათას ლტოლვილს საცხოვრებლით დააკმაყოფილებდნენ.

შეთანხმების დარღვევის გამო, 13 ივნისს ევროკომისიამ პოლონეთის, ჩეხეთისა და უნგრეთის წინააღმდეგ გამოძიება დაიწყო. 

 

კომენტარები ()