imedi /  10 აგვისტო 2017, 17:28 / სანდო წყარო

ევროკავშირმა ფხენიანს სანქციები გაუფართოვა

ევროკავშირმა ჩრდილოეთ კორეისთვის დაწესებული სანქციები გააფართოვა და სიაში დამატებით 9 ფიზიკური და 4 იურიდიული პირი ჩასვა. ეს გადაწყვეტილება გაეროს უშიშროების საბჭოს მიერ მხარდაჭერილი რეზოლუციიდან გამომდინარეობს, რომლის მიხედვითაც 5 აგვისტოს გაერომ ჩრდილოეთ კორეას სანქციები გაუფართოვა. ამის შესახებ ინფორმაციას Reuters-ი ავრცელებს.

საბოლოო ჯამში, გაეროს მიერ დაწესებულ სანქციათა ჩამონათვალში 62 ფიზიკური და 50 იურიდიული პირია. ამ რიცხვს ევროკავშირმა საკუთარი გადაწყვეტილებით კიდევ 41 ფიზიკური და 7 იურიდიული პირი შემატა. 

კომუნიკეში წერია, რომ ევროკავშირის სანქციები შეეხო ჩრდილოეთ კორეის სახელმწიფოს საკუთრებაში არსებულ საერთაშორისო სავაჭრო ბანკსაც.

გაეროს მიერ 5 აგვისტოს მხარდაჭერილი სანქციათა პაკეტი 28 ივლისს ფხენიანის მიერ მორიგი საკონტინენტთაშორისო ბალისტიკური რაკეტის გამოცდის პასუხად მიიღო.

7 აგვისტოს, ჩრდილოეთ კორეამ განაცხადა, რომ ფხენიანის წინააღმდეგ გაეროს მიერ მიღებული სანქციები, აშშ-ს "ძვირად დაუჯდება". ფხენიანის განცხადებით, სანქციები, რომლებიც შაბათს გაეროს უშიშროების საბჭომ მიიღო, ჩრდილოეთ კორეის "სუვერენიტეტის უხეში დარღვევა იყო".

10 აგვისტოს კი ცნობილი გახდა, რომ ჩრდილოეთ კორეის სტრატეგიული ძალები კუნძულ გუამზე, სადაც ამერიკული სამხედრო ბაზაა განლაგებული, თავდასხმას განიხილავენ.

კომენტარები ()