imedi /  13 აგვისტო 2017, 01:43 / სანდო წყარო

პენტაგონი ჩრდილოეთ კორეასთან საომრად არ ემზადება

დონალდ ტრამპი
კიმ ჩენ ინი

11 აგვისტოს, დონალდ ტრამპმა Twitter-ზე დაწერა, რომ "ჩრდილოეთ კორეის უგუნური ქმედებების შემთხვევაში" კონფლიქტის სამხედრო გზით გადაწყვეტის სცენარი არსებობს და რომ ამერიკული არმია სრულ მზადყოფნაშია. ახლა ამერიკის ლიდერი შვებულებაშია, რადგან თეთრ სახლში რემონტია, თუმცა ის ხმამაღალი განცხადებების კეთებას განაგრძობს. მანამდე ის ჩრდილოეთ კორეას ფხენიანის მხრიდან აგრესიის შემთხვევაში "ცეცხლს და რისხვას" დაჰპირდა.

აშშ-ის და ჩრდილოეთ კორეას შორის სიტუაცია ბოლოს გაეროს უშიშროების საბჭოს მიერ ახალი სანქციების მიღების შემდეგ გამწვავდა. ფხეიანი ვაშინგტონს დაჰპირდა, რომ კუნძულ გუამზე, სადაც ამერიკელების მნიშვნელოვანი სამხედრო ბაზაა, სარაკეტო იერიშს მიიტანს.

იმავდროულად, გამოცემა Vox-თან ინტერვიუში, პენტაგონის ოფიციალურმა წარმომადგენელმა, კრისტოფერ ლოგანმა განაცხადა: "არა. არანაირი ცვლილება ჩრდილოეთ კორეასთან დაკავშირებით არ არის". მეტიც, ჩრდილოეთ კორეასთან ახლოს დისლოცირებული აშშ-ის კონტიგენტი, შემცირდა: კორეის ნახევარკუნძულის სანაპირო ტერიტორია ორმა ამერიკულმა ავიამზიდმა დატოვა.

The New York Times-ი აღნიშნავს, რომ ტრამპის Tweet-ი არ ნიშნავს იმას, რომ ჩრდილოეთ კორეასთან კონფლიქტისთვის განსაკუთრებული მზადებაა დაწყებული. გამოცემის ცნობით, არმია ისედაც საბრძოლო მზადყოფნაშია, რასაც კორეის ნახევარკუნძულის რაიონში ამერიკელთა ძალების ლოზუნგიც ასახავს: "მზად ვართ ბრძოლისთვის, დღესვე!". მობილიზაციის არანაირი საგრძნობი ზომები გატარებული არ არის, სეულიდან ამერიკელების ევაკუაციაც არ მომხდარა, თუმცა ჩრდილოეთ კორეას სამხრეთ კორეის დედაქალაქის დაბომბვა ბირთვული იარაღის გარეშეც შეუძლია.

ჩრდილოეთ კორეასთან ახლოს ამერიკული კონტინგენტის გაძლიერების ერთადერთი თვალსაჩინო ნიშანი ორი B-1 ბომბდამშენის გადასროლაა, რომლებიც გუამის ბაზაზე აგვისტოში შევიდნენ და იაპონურ და კორეულ თვითმფრინავებთან ერთად რამდენიმე ფრენა განახორციელეს.

Associated Press-ის ცნობით, შეერთებული შტატები არ გამორიცხავს ჩრდილოეთ კორეის საკითხის დიპლომატიურ გადაწყვეტას და ბოლო თვეების განმავლობაში მასთან კონტაქტიც აქვს, რის შესახებაც პრესას მანამდე არ ატყობინებდნენ.
 

 

კომენტარები ()