imedi /  13 აგვისტო 2017, 09:15 / სანდო წყარო

ბარაკ ობამამ ვირჯინიაში მომხდარი არეულობა ნელსონ მანდელას სიტყვებით შეაფასა

აშშ-ის ექსპრეზიდენტმა ბარაკ ობამამ ვირჯინიის შტატში მომხდარი არეულობა ნესლონ მანდელას სიტყვებით შეაფასა. ყოფილმა პრეზიდენტმა თავისი მოსაზრება Twitter-ზე გამოაქვეყნა.

„არავინ იბადება სხვა ადამიანის მიმართ სიძულვილის გრძნობით კანის ფერის, რელიგიისა და წარმომავლობის გამო. ადამიანები სწავლობენ სიძულვილს, და რაკი მათ შეუძლიათ ისწავლონ სიძულვილი, მათ შეუძლიათ ასევე ისწავლონ სიყვარული, რადგან სიყვარული უფრო ახლოსაა ადამიანურ გრძნობებთან“, - დაწერა Twiiter-ზე ბარაკ ობამამ.

შარლოტსვილში ულტრანაციონალისტების აქცია გუშინ გაიმართა, რომელსაც ფიზიკური დაპირისპირება მოჰყვა. სამართალდამცველებმა ცრემლსადენი გაზი გამოიყენეს. დააკავეს რამდენიმე აქტივისტი.

აქციის დასრულების შემდეგ ქალაქში კიდევ ერთი ინციდენტი მოხდა. სააგენტო Associated Press-ის ცნობით, ავტომობილი ადამიანების ჯგუფს შეეჯახა. შედეგად 1 ადამიანი დაიღუპა.

2 000-ზე მეტი ადამიანი კონფედერატის, სამოქალაქო ომის გენერლის რობერტ ლის ქანდაკების დემონტაჟის გადაწყვეტილებას აპროტესტებს. შარლოტსვილის მერმა პროტესტი სიძულვილის და რასიზმის გამოვლინებად შეაფასა.
 

კომენტარები ()