imedi /  19 იანვარი 2017, 20:27 / სანდო წყარო

Le Monde-ის გამოკითხვაში მარინ ლე პენი ლიდერობს

მარინ ლე პენი, ფრანსუა ფიიონი

გაზეთისთვის Le Monde ცენტრმა Cevipof წინასაარჩევნო კვლევა ჩაატარა. საფრანგეთის საპრეზიდენტო არჩევნებამდე სამი თვით ადრე რეიტინგებში შემდეგი ტენდენცია გამოიკვეთა: ლე პენი და მაკრონი დაწინაურდნენ, ფიიონის რეიტინგი უმნიშვნელოდ შემცირდა, ხოლო სოციალისტები ბოლო ადგილს იკავებენ.

გამოცემის ცნობით, “ნაციონალური ფრონტის” ლიდერს მარინ ლე პენს მხარს უჭერს გამოკითხულთა 25-26%, რაც 2012 წლის მონაცემებზე 5-7%-ით მაღალი მაჩვენებელია; ლე პენის რეიტინგის ზრდას რესპუბლიკური პარტიის კანდიდატის ფრანსუა ფიიონის პოპულარობის კლებას უკავშირებენ. თუკი ნოემბერში მას მხარს უჭერდა ფრანგების 26-29%, დღეს ეს მაჩვენებელი 3-4%-ით შემცირდა. რეიტინგებში მაჩვენებლის მკვეთრი ზრდა აქვს ემანუელ მაკრონს, მას გამოკითხულთა 17-20% უჭერს მხარს. ბოლო კვირებში მისი პოპულარობა 3-4%-იტ გაზრდილია.

მმართველი სოციალისტური პარტიის მდგომარეობა ყველზე რთულადაა. ყველაზე მეტი ამომრჩეველი სოციალისტების სავარაუდო კანდდიატებიდან მანუელ ვალსს აქვს, რომელსაც რესპონდენტების 9-10 % ემხრობა, რაც დეკემბერის მონაცემებზე 2%-ით ნაკლებია. გაზეთის შეფასებით, სოციალისტებმა ვინც არ უნდა წარმოადგინონ საპრეზიდენტო კანდიდატად, დიდი ალბათობით პირველი ტურის შემდეგ ისინი მეხუთე ადგილზე აღმოჩნდებიან.  

კვლევა 10-15 იანვრის პერიოდში ჩატარდა. გამოიკითხა 18 წლის ზემოთ 15 921 ადამიანი. Le Monde-ს მიაჩნია, რომ კვლევის შედეგები ძალთა სავარაუდო წყობას  ასახავს, თუმცა საბოლოო შედეგების პროგნოზირება შეუძლებელია.  

კომენტარები ()