imedi /  09 მარტი 2017, 02:15 / სანდო წყარო

WikiLeaks: ფრანკფურტში CIA-ს ჰაკერული ცენტრი მდებარეობს

აშშ-ის საელჩო გერმანიაში,
ბერლინი

WikiLeaks -ის მიერ გამოქვეყნებული ახალი დოკუმენტებიდან ირკვევა, რომ გერმანიის ქალაქ ფრანკფურტში აშშ-ის ცენტრალური სადაზვერვო სააგენტოს (CIA) ჰაკერული ცენტრი მდებარეობს, - იუწყება გერმანული Spiegel-ი.

კონფიდენციალურ მასალებში ნათქვამია, რომ ჰაკერების "დისლოკაციის" ადგილი ამერიკის საკონსულოა და ისინი მოქმედებენ ევროპაში, ახლო აღმოსავლეთსა და აფრიკაში. სპეციალისტები გერმანიაში დიპლომატების სახელით იმყოფებიან.

გამოქვეყნებულ დოკუმენტებს შორისაა ასევე ინსტრუქცია კიბერჯაშუშებისათვის, რომელშიც აღნიშნულია, რომ საიდუმლო ცენტრის თანამშრომლებს კატეგორიულად ეკრძალებათ ელექტრომოწყობილობების უყურადღებოდ მიტოვება. იმავდროულად ჰაკერებს ალკოჰოლის ზომიერად მიღების უფლება აქვთ. 

WikiLeaks-ის ვებგვერდზე თითქმის 9 ათასი დოკუმენტია გამოქვეყნებული, რომლებიც, როგორც ორგანიზაცია ამტკიცებს, CIA-ს თანამშრომლებს ეკუთვნის და ადასტურებს იმას, რომ ეს უწყება მასობრივად უთვალთვალებს კომპიუტერების მომხმარებლებს მთელი მსოფლიოს მასშტაბით.

8 მარტს გავრცელდა ინფორმაცია, რომ ამერიკის გამოძიების ფედერალურმა ბიურომ (FBI) და ცენტრალური დაზვერვის სააგენტომ (CIA) Wikileaks-ზე მასალების გაჟონვის ფაქტის გამოძიება დაიწყეს. გამოცემა BuzzFeed-ი ცნობით, WikiLeaks-ის მიერ ამჯერად გამოქვეყნებული მასალები "უკიდურესად სახიფათოა".

კომენტარები ()