imedi /  11 მარტი 2017, 19:37 / სანდო წყარო

დამასკოში აფეთქებას 40-ზე მეტი ერაყელი ემსხვერპლა

სირიის დედაქალაქ დამასკოში 30-ზე მეტი ადამიანი დაიღუპა და 100-ზე მეტი დაშავდა ორი აფეთქების გამო. ინფორმაციას რუსული РИА ადგილობრივ პოლიციაზე დაყრდნობით ავრცელებს.

შაბათს დღისით, ბაბ მუსალას რაიონში, ბაბ ას-საღირის სასაფლაოსთან ორი თვითნაკეთი ასაფეთქებელი მოწყობილობა ამოქმედდა. სააგენტოს წყაროს ცნობით, დაშავებულები საავადმყოფოებში გადაიყვანეს.

BBC-ს ინფორმაციით, დაღუპულთა უმრავლესობა ერაყელი პილიგრიმები არიან. თვითმხილველის თქმით, აფეთქება მაშინ მოხდა, როდესაც სასაფლაოს ავტობუსების კოლონა მიუახლოვდა.

ერაყის საგარეო საქმეთა სამინისტრომ დაადასტურა დამასკოში მისი მოქალაქეების დაღუპვის ფაქტი. უწყების ცნობით, დახლოებით 40 ადამიანი დაიღუპა, 120 - დაშავდა.    

სირიის ხელისუფლებას ოფიციალური კომენტარი ჯერ არ გაუკეთებია.

კომენტარები ()