imedi /  12 მარტი 2017, 19:14 / სანდო წყარო

სამხრეთ კორეის პრეზიდენტმა მოსახლეობას ბოდიში მოუხადა

პაკ კინ ხე

სამხრეთ კორეის თანამდებობიდან გადაყენებულმა პრეზიდენტმა პაკ კინ ხემ ქვეყნის მოსახლეობას ბოდიში მოუხადა იმისთვის, რომ საკუთარი მოვალეობა კანონით განსაზღვრულ ვადებში ვერ შეასრულა და დროზე ადრე მოუწია პოსტის დატოვება. ინფორმაციას სააგენტო Yonhap News-ი ავრცელებს.

"მინდა ბოდიში მოგიხადოთ იმისთვის, რომ ჩემი მოვალეობა განსაზღვრულ ვადებში ვერ შევასრულე. მჯერა, რომ საბოლოო ჯამში სიმართლე გაირკვევა, მიუხედავად იმისა, რომ ამას შეიძლება გარკვეული დრო დასჭირდეს", - განაცხადა მან.

10 მარტს, სამხრეთ კორეის საკონსტიტუციო სასამართლომ ერთხმად დაუჭირა მხარი პრეზიდენტის იმპიჩმენტს, რომელიც კორუფციულ სკანდალში გაეხვია.

საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილების შემდეგ ქვეყანაში პრეზიდენტის მომხრეების და მოწინააღმდეგეების გამოსვლებიც მოეწყო.

პაკ კინ ხეს კორტეჟმა სასახლის ტერიტორია საღამოს დატოვა. ლურჯი სასახლიდან ის სეულში კერძო აპარტამენტისკენ გაემგზავრა, რომლის რემონტი სასამართლოს გადაწყვეტილებისთანავე დაიწყო.

პარლამენტმა პრეზიდენტს იმპიჩმენტი 2016 წლის 9 დეკემბერს გამოუცხადა. მიუხედავად იმისა, რომ პაკ კინ ხეს კორუფციულ სკანდალთან კავშირში ადანაშაულებდნენ, პროკურატურამ მის წინააღდეგ საქმე ვერ აღძრა პრეზიდენტის იმუნიტეტის გამო. ახლა, გამოძიების ყურადღება მისი პერსონის მიმართ, სავარაუდოდ, გაიზრდება.

ადგილობრივი კანონის თანახმად, სამხრეთ კორეის პრეზიდენტის ახალი არჩევნები 60 დღის განმავლობაში ჩატარდება. მანამდე პრეზიდენტის მოვალეობებს პრემიერმინისტრი ხვან გიო ანი შეასრულებს.

კომენტარები ()