imedi /  13 მარტი 2017, 18:55 / სანდო წყარო

შოტლანდია ახალ რეფერენდუმს ითხოვს

ნიკოლა სტერჯენი

შოტლანდიის პირველ მინისტრს, ნიკოლა სტერჯენს დამოუკიდებლობის შესახებ მეორე რეფერენდუმის ჩატარება სურს. შესაბამისი თხოვნით შოტლანდიის პარლამენტს მომდევნო კვირაში მიმართავს. ინფორმაციას BBC ავრცელებს.

სტერჯენის განცხადებით, ის რეფერენდუმის ჩატარებას 2018 წლის შემოდგომის და 2019 წლის გაზაფხულს შორის პერიოდში გეგმავს. მისივე თქმით, შოტლანდიის მოქალაქეებს უნდა მიეცეთ არჩევნის საშუალება „რთულ Brexit-სა“ და დამოუკიდებლობის მიღებას შორის.

დიდი ბრიტანეთისა და ჩრ. ირლანდიის გაერთიანებული სამეფოს პრემიერმინისტრი ტერეზა მეი, თავს არიდებს კითხვას - მისცემს თუ არა შოტლანდიას რეფერენდუმის ჩატარების ნებართვას.

შოტლანდიის პარლამენტმა გამოაქვეყნა რამდენიმე ინიციატივა, რომლებიც შოტლანდიას საშუალებას მისცემს დარჩეს ევროპის გაერთიანებული ბაზრის ნაწილი, მიუხედავად იმისა, რომ დანარჩენი გაერთიანებული სამეფო ევროკავშირს დატოვებს. ამასთან ნიკოლა სტერჯენი ამბობს, რომ Brexit-ის შემდეგ, გაერთიანებული სამეფოს ხელისუფლებას ერთი ნაბიჯიც კი არ გადაუდგამს კომპრომისისა და შეთანხმებისკენ.

გავრცელებული ინფორმაციით, პრემიერმინისტრი ტერეზა მეი ​Brexit-ის პროცესის დაწყებას 14 მარტს, სამშაბათს გეგმავს. ამ დღეს ის პარლამენტის თემთა პალატას ანგარიშს წარუდგენს ბრიუსელში ევროკავშირის ლიდერების სამიტის შესახებ, რომელიც ამ კვირაში ჩატარდა. პრემიერმა ეს გამოსვლა შეიძლება Brexit-ის დაწყებისთვის გამოიყენოს.

კომენტარები ()