imedi /  14 მარტი 2017, 01:40 / სანდო წყარო

ჯანდაცვის ახალი რეფორმით 14 მილიონი ამერიკელი დაზღვევის გარეშე დარჩება

აშშ-ის კონგრესის საბიუჯეტო დეპარტამენტმა რესპუბლიკელების მიერ წარდგენილი ჯანდაცვის სისტემის ანალიზი გამოაქვეყნა, რომელმაც ობამას რეფორმა (Obamacare) უნდა შეცვალოს, - წერს BBC

დეპარტამენტის გათვლით, რეფორმის ამოქმედების შემთხვევაში, 2018 წელს, დღევანდელზე 14 მილიონით მეტი ადამიანი სამედიცინო დაზღვევის გარეშე დარჩება.  

2026 წლისთვის დაზღვევის გარეშე დარჩენილთა რიცხვი 52 მილიონ ადამიანს მიაღწევს, რაც 24 მილიონი ადამიანით მეტია, ვიდრე მაგ დროისთვის დღეს მოქმედი კანონით იქნებოდა. იმავდროულად, ანგარიშში ნათქვამია, რომ 2026 წლისთვის ფედერალური ბიუჯეტის დეფიციტი 337 მილიარდი დოლარით შემცირდება. 

აშშ-ის ჯანდაცვის მინისტრის, ტომ პრაისის თქმით, მთავრობა ანგარიშში მოყვანილ დასკვნებს კატეგორიულად არ ეთანხება, რადგან დეპარტამენტში დასკვნები ერთი კანონპროექტის საფუძველზე გააკეთეს, მაშინ როდესაც რეფორმა სამ ეტაპად არის ჩაფიქრებული.

ამერიკის ჯანდაცვის სისტემის შეცვლაზე კანონპროექტი რესპუბლიკელებმა აშშ-ის კონგრესში 6 მარტს შეიტანეს. ამ დროისთვის ის წარმომადგენლობათა პალატის ორმა კომიტეტმა მოიწონა. 

პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა მხარი დაუჭირა კანონპროექტს და მოსახლეობას დაჰპირდა "მეტ არჩევანს ნაკლებ ფასად". მანამდე მან განაცხადა, რომ Obamacare-ის გაუქმებით არავინ დაზარალდებოდა.  

ჯანდაცვის სისტემის რეფორმას Obamacare 2010 წელს მოეწერა ხელი. მისი მთავარი მიზანი სამედიცინო მომსახურების ხარისხის გაზრდა და დაზღვევის გარეშე მყოფი ამერიკელების რაოდენობის შემცირება იყო.

Obamacare-ის მომხრეები ამტკიცებენ, რომ პროგრამის 6-წლიანი მოქმედების პერიოდში 20 მილიონი ამერიკელი დაეზღვია. რეფორმის ოპონენტები ამ მონაცემებს გაზვიადებულს უწოდებენ.
Obamacare-ის გაუქმება, დონალდ ტრამპის წინასაარჩევნო პროგრამის ერთ-ერთი მთავარი პუნქტი იყო.

კომენტარები ()