imedi /  15 მარტი 2017, 11:10 / სანდო წყარო

Washington Post: 7 ოფიცერი და 1 ადმირალი სექსის სანაცვლოდ სამხედრო საიდუმლოს გასცემდა

შვიდი ამერიკელი ოფიცერი და მათთან ერთად, ადმირალი ბრიუს დავლესი, "სექს საღამოების" სანაცვლოდ, სამხედრო საიდუმლოს გასცემდნენ. ინფორმაციას Washington Post შეერთებული შტატების იუსტიციის დეპარტამენტზე დაყრდნობით ავრცელებს.

გამოცემის ცნობით, სამხედრო მაღალჩინოსნებს კორუფციისა და თანამდებობის ბოროტად გამოყენების ბრალდება წაუყენეს. როგორც ირკვევა, 2006 – 2014 წლებში, სამხედროები სინგაპურელი ბიზნესმენის - ლეონარდ გლენ ფრენცისისგან დიდი ოდენობით თანხას იღებდნენ.

Washington Post-ის ცნობით, ბიზნესმენი ფრენცისი პენტაგონში კონტრაქტით მუშაობდა. შეერთებული შტატების იუსტიციის დეპარტამენტის მიერ გასაჯაროებული დოკუმენტების მიხედვით, ლეონარდ ფრენცისი საიდუმლო ინფორმაციის სანაცვლოდ, სამხედროებს ძვირადღირებულ სიგარებს, ალკოჰოლს, კურორტებზე დასვენებასა და მსუბუქი ყოფაქცევის ქალების მომსახურებას სთავაზობდა.

გარდა ამისა, ფრენცისი ამერიკელ სამხედრო მაღალჩინოსნებს შეერთებული შტატების სამხედრო ფლოტის საფლაგმანო ხომალდზე, ე.წ. სექს საღამოებს უწყობდა.

Washington Post-ის ცნობით, სამხედროებისგან მიღებული საიდუმლო ინფორმაციის წყალობით, სინგაპურელი ბიზნესმენის კომპანია ათობით მილიონი დოლარის კონტრაქტების მიღებას ახერხებდა. ამ საქმეზე ბრალი 27 პირს წაუყენეს. გარდა ამისა, იუსტიციის დეპარტამენტის ცნობთ, კორუფციასა და საიდუმლო ინფორმაციის უკანონოდ გაცემაში ეჭვმიტანილია 200 ადამიანი.

კომენტარები ()