imedi /  16 მარტი 2017, 22:16 / სანდო წყარო

ახალი ზელანდიის მდინარეს ადამიანის უფლებები მიენიჭა

მდ. უონგანუი
ახალი ზელანდია

ახალი ზელანდიის, სიდიდით მესამე მდინარე უონგანუი, ისტორიაში პირველი უსულო საგანია, რომელსაც ადამიანის მსგავსი იურიდიული უფლებები მიენიჭა. ამის შესახებ წერს The Guardian-ი.

მდინარის ადამიანის თანასწორად აღიარებისთვის, მაორის (Māori) ტომი 140 წელი იბრძოდა. "ჩვენ მდინარეს წინაპრად მივიჩნევთ. ჩვენ ერთი მთლიანი არსება ვართ, ამისთვის ვიბრძოდით",  - განაცხადა მაორის წარმომადგენელმა ჯერარდ ალბერტმა.

კანონი 2017 წლის 15 მარტს ამოქმედდა. რეზერვუარის ახალი სტატუსი ნიშნავს იმას, რომ მისთვის მიყენებული ზიანი, ჩაითვლება მაორის ტომის ადამიანზე მიყენებული ზიანის ტოლფარდ დანაშაულად.  

მდინარის უფლებებისთვის ბრძოლის პროცესი ახალ ზელანდიაში ყველაზე ხანგრძლივ სასამართლო დავად გადაიქცა. გაზეთი აღნიშნავს, რომ ასობით აბორიგენი ბედნიერებისგან ატირდა, როდესაც გაიგეს, რომ მათი მდინარე ცოცხალ არსებად აღიარეს.

მაორი - ახალი ზელანდიის აბორიგენი მოსახლეობა, ევროპელების ჩამოსახლებამდე. 2013 წლის მონაცემებით, მაორის ტომი 600 ათას ადამიანს ითვლიდა, რაც ქვეყნის მთლიანი მოსახლეობის 15%-ია. 

კომენტარები ()