imedi /  19 მარტი 2017, 13:42 / სანდო წყარო

ანკარამ ყირიმის ანექსიის მე-3 წლისთავზე რუსეთის მოქმედება კიდევ ერთხელ დაგმო

ყირიმი, სევასტოპოლი

თურქეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებით, 2014 წელს ყირიმის რუსეთთან მიერთება, საერთაშრისო ნორმების უხეშ დარღვევას წარმოადგენდა. ეს განცხადება ანკარამ ყირიმის ანექსიის მე-3 წლისთავზე გაავრცელა.

ოფიციალურ დოკუმენტში აღნიშნულია, რომ რუსეთმა ყირიმის ავტონომიურ რესპუბლიკაში უკანონო რეფერენდუმი ჩაატარა, რასაც მალევე ტერიტორიის ანექსია მოჰყვა. თურქეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებით, ანკარა მომავალშიც გააგრძელებს აღნიშნულ რეგიონში ყირიმელი თათრების ინტერესების დაცვას. ბოლო დროს რუსეთ-თურქეთის ურთიერთობების დათბობის მიუხედავად, თურქეთის საგარეო უწყების ხელმძღვანელმა არაერთხელ განაცხადა, რომ ანკარა ყირიმის რუსული სტატუსის აღიარებას არ აპირებს.

2014 წლის 18 მარტს, რუსეთმა ყირიმის ნახევარკუნძულის რუსეთის ფედერაციის შემადგენლობაში შეყვანის შესახებ ოფიციალურად განაცხადა და მას ყირიმის ფედერალური ოლქი უწოდა. 
ანექსიას წინ უძღოდა ყირიმის ნახევარკუნძულზე რუსეთის შეიარაღებული ძალების ინტერვენცია. მოსკოვის ქმედების გამო, ევროკავშირმა და შეერთებულმა შტატებმა რუსეთს სანქციები დაუწესა. 

ყირიმის ანექსიის მე-3 წლისთავს საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროც გამოეხმაურა, უწყებამ განცხადება გააკეთა, რომელშიც  დაგმობილია უკრაინის სახელმწიფოს წინააღმდეგ განხორციელებული აგრესია და საზღვრების ძალისმიერი შეცვლის მცდელობა.

 

კომენტარები ()