imedi /  20 მარტი 2017, 23:27 / სანდო წყარო

ჯულიან ასანჟი Apple-ს, Google-ს და Microsoft-ს თანამშრომლობას სთავაზობს

WikiLeaks-ის დამფუძნებელი ჯულიან ასანჟი Apple-ს, Google-ს, Microsoft-სა და სხვა ამერიკულ ტექნოლოგიურ კომპანიებს სთავაზობს იმ ჰაკერული მეთოდოლოგიების გაცნობას, რომელთაც შესაძლოა CIA ამ კომპანიების წინააღმდეგ იყენებდეს. ინფორმაციას Motherboard ავრცელებს. 

ასანჟმა ამ ინიციატივით კომპანიების ხელმძღვანელებს წერილობით მიმართა და სადაზვერვო სააგენტოს ჰაკერული სისტემის ხარვეზებისა და ძლიერი მხარეების შესახებ მის ხელთ არსებული ინფორმაციის მცირე ნაწილიც დაურთო თან. 

კომპანიებს გადაწყვეტილება ჯერ არ მიუღიათ. როგორც გამოცემა წყაროზე დაყრდნობით წერს, კომპანიებში ფიქრობენ, რამდენად სანდოა ასანჟის ინფორმაცია და ხომ არ არის მის ხელთ არსებული მონაცემები რუსეთის ხელისუფლების მიერ სპეციალურად გავრცელებული მასალა. 

თავად ცენტრალური სადაზვერვო სააგენტო კომპანიებს ჯერ არ დაკავშირებია.

მარტის დასაწყისში, WikiLeaks-მა აშშ-ის ცენტრალური სადაზვერვო სააგენტოს (CIA) საიდუმლო დოკუმენტების დიდი არქივი გამოაქვეყნა. არქივს Vault 7-ი ჰქვია და 8761 დოკუმენტისგან შედგება, ორგანიზაციის დამფუძნებლის თქმით, დოკუმენტები მოიცავს ინფორმაციას CIA-ს მთელ ჰაკერულ მანქანაზე. ასანჟის განმარტებით, CIA-მ დაკარგა კონტროლი თავის ჰაკერულ არსენალზე, რომელიც მას შესაძლებლობას აძლევს აკონტროლოს უამრავი კომპიუტერი მთელ მსოფლიოში. ლაპარაკია პროგრამებზე, რომელიც შესაძლებელს ქმნის წვდომას iOS-ის და Android-ის ტელეფონებზე, Windows-ის კომპიუტერებზე და კომპანია Samsung-ის ჭკვიან ტელევიზორებზე. 

ამ ამბიდან რამდენიმე დღეში, Apple-ის და Google-ის ხელმძღვანელები ერთმანეთს  სილიკონის ველის ერთ-ერთ რესტორანში პალო-ალტოში საიდუმლოდ შეხვდნენ, თუმცა მათი შეხვედრის ფოტო სოციალურ ქსელში მაინც გავრცელდა. მაშინ მათ შეხვედრას სწორედ WikiLeaks-ის მიერ გამოქვეყნებულ CIA-ს დოკუმენტებს უკავშირებდნენ. 

კომენტარები ()