imedi /  13 აპრილი 2017, 11:57 / სანდო წყარო

სისხლის სამართლის სისტემის რეფორმის სტრატეგია და 4-წლიანი სამოქმედო გეგმა დამტკიცდა

სისხლის სამართლის სისტემის რეფორმის უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს სხდომაზე, აღნიშნული სისტემის რეფორმის განახლებული სტრატეგია და 2017-21 წლების სამოქმედო გეგმა დაამტკიცეს. ღონისძიების მონაწილეებმა 2016 წლის ანგარიშიც მოისმინეს.

სისხლის სამართლის სისტემის რეფორმის სტრატეგია და სამოქმედო გეგმა შემდეგ მიმართულებებს მოიცავს: სისხლის სამართლის კანონმდებლობის რეფორმა, არასრულწლოვანთა მართლმსაჯულების რეფორმა, სასამართლო რეფორმა, სასჯელაღსრულების სისტემის რეფორმა, პრობაციის სისტემის რეფორმა, პოლიციის რეფორმა, პროკურატურის რეფორმა, იურიდიული დახმარების სამსახურის რეფორმა, იურიდიული განათლების რეფორმა, სახალხო დამცველის აპარატის გაძლიერება.

სამოქმედო გეგმა არაერთ სიახლეს ითვალისწინებს სასამართლო რეფორმის მიმართულებით, რაც მოსამართლეთა შერჩევის კრიტერიუმების პრაქტიკაში დანერგვასა და სხვა სიახლეებს გულისხმობს.

პროკურატურის სისტემის რეფორმის მიმართულებით დაგეგმილია პროკურორთა შეფასების სისტემისა და ეთიკის კოდექსის დანერგვა.

არასრულწლოვანთა მართლმსაჯულების რეფორმის მიმართულებით დაგეგმილია არასრულწლოვანთა საქმეების გამომძიებლების, პროკურორების, მოსამართლეების და საქმეში ჩართული სხვა სპეციალისტების მომზადება.

ასევე, სისხლის სამართლის სტრატეგიისა და სამოქმედო გეგმის ფარგლებში გათვალისწინებულია უვადოდ თავისუფლებააღკვეთილი მსჯავრდებულების პირობით ვადამდე გათავისუფლების, ასევე, სასჯელის მოუხდელი ნაწილის უფრო მსუბუქი სასჯელით შეცვლაზე საბჭოს მიერ მიღებული გადაწყვეტილების გასაჩივრების მექანიზმების დახვეწა. სამოქმედო გეგმა ასევე გულისხმობს პირობით ვადამდე გათავისუფლების ადგილობრივი საბჭოს მიერ მიღებული გადაწყვეტილების გასაჩივრების მექანიზმების დახვეწას, ფსიქიკური ჯანმრთელობის დაცვასა და ფსიქიატრიული სერვისების განვითარებას.

კომენტარები ()