imedi /  14 აპრილი 2017, 19:42 / სანდო წყარო

მთავრობას თამბაქოს საკანონმდებლო პაკეტზე შენიშვნები აქვს

გუგული მაღრაძე

თამბაქოს მოხმარებასთან დაკავშირებულ საკანონმდებლო პაკეტზე, რომელიც პარლამენტმა პირველი მოსმენით მიიღო, მთავრობას შენიშვნები აქვს. 17-გვერდიან შენიშვნებზე საკანონმდებლო ორგანო მეორე მოსმენით განხილვაზე იმსჯელებს.

მთავრობას გაუმართლებლად და მიზანშეუწონლად მიაჩნია აკრძალვა, რომელიც ითვალისწინებს ჯანმრთელობის დაცვის სფეროში გადაწყვეტილების მომზადება-მიღების პროცესში თამბაქოს ინდუსტრიის მონაწილეობას; არ მოსწონს, რომ იკრძალება თამბაქოს ნაწარმის, აქსესუარის, მოხმარებისათვის განკუთვნილი მოწყობილობის რეალიზაცია-განლაგება ვიტრინებზე, ვიტრაჟებზე, დახლზე, თაროზე და სხვ. ისე, რომ ხილვადი იყოს ობიექტის გარედან და შიგნით. მხარს არ უჭერს გზის სავალ ნაწილზე თამბაქოს რეალიზაციის აკრძალვასაც. რამდენიმე რეგულაცია და ნორმა ბუნდოვანად და გაუგებრადაა შეფასებული.

"აკრძალვა თამბაქოს პროდუქტების განთავსება-რეალიზაციისთვის გამოყოფილ სპეციალურ ადგილებზე არ უნდა გავრცელდეს. ეს ობიექტებს მნიშვნელოვნად დააზარალებს. საქართველოში ასეთი 10 000 სავაჭრო წერტილია. საცალო ვაჭრობაში დასაქმებულთა რაოდენობა 22 000 ადამიანს აღწევს", - წერია დასკვნაში.

"ყველა რეგულაცია ძალაში უცებ არ შედის. ბიზნესი უნდა გადაეწყოს. რესტორნებმა დიზაინი შეცვალონ - მწეველთათვის ადგილები გარეთ მოაწყონ. თამბაქოს ინდუსტრიის წარმომადგენლების ჯანდაცვასთან დაკავშირებული საკითხების განხილვასა და გადაწყვეტილების მიღებაში მონაწილეობა ინტერესთა კონფლიქტია. ისინი მონაწილეობენ გადასახადების, აქციზის საკითხებში. თამბაქო ლეტალური პროდუქტია. ახალს არაფერს ვიგონებთ. ეს გზა გაიარეს ცივილიზებულმა ქვეყნებმა. გარკვეულ შენიშვნებს გავითვალისწინებთ", - აცხადებს გუგული მაღრაძე.

კომენტარები ()