imedi /  19 აპრილი 2017, 15:01 / სანდო წყარო

თურქეთის ელჩი: რეფერენდუმის შემდეგ დემოკრატიას განვამტკიცებთ

ზექი ლევენთ გუმრუქჩუ
თურქეთის ელჩი

საქართველოში თურქეთის ელჩმა ზექი ლევენთ გუმრუქჩუმ, საქართველო-თურქეთის ურთიერთობებზე და თურქეთში ჩატარებულ საკონსტიტუციო რეფერენდუმზე ჟურნალისტებთან კომენტარი გააკეთა. ინფორმაციას სააგენტო ipn ავრცელებს.

"ჩვენს ქვეყნებს შორის ურთიერთობები მყარ საძირკველზე დგას. ჩვენ ძლიერი სტრატეგიული პარტნიორობა გვაკავშირებს და ამას არაფერი შეცვლის", - განაცხადა ელჩმა.

რაც შეეხება 16 აპრილის რეფერენდუმს, ლევენთ გუმრუქჩუს თმით, "რა თქმა უნდა, არის საჩივრები, მაგრამ ეს ყველა არჩევნების შემდეგ ხდება. თუნდაც ამ სიტუაციის გათვალისწინებით, ეს ვერ მოახდენს გავლენას რეფერენდუმის შედეგებზე. ამიტომაცაა, რომ პრეზიდენტი, პრემიერმინისტრი გამოვიდნენ და რეფერენდუმის შედეგები გამოაცხადეს. ასევე აშშ-ის პრეზიდენტმა, დიდი ბრიტანეთის პრემიერმინისტრმა მიულოცეს თურქ პოლიტიკოსებს. პირველ რიგში, მიულოცეს რეფერენდუმის დემოკრატიულად ჩატარება და რა თქმა უნდა, რეფერენდუმის შედეგებიც", - განაცხადა თურქეთის ელჩმა.  

"თურქეთის დემოკრატიისთვის ეს მნიშვნელოვანი მომენტია და ჩვენ გავაგრძელებთ დემოკრატიის განმტკიცებას", - დასძინა ელჩმა.

თურქეთში საკონსტიტუციო ცვლილებებზე რეფერენდუმი 16 აპრილს ჩატარდა. რეფერენდუმის შედეგებით, საკონსტიტუციო ცვლილებებს მხარი 51,41 %–მა დაუჭირა. მასში 55 მილიონზე მეტი ადამიანი მონაწილეობდა. რეფერენდუმში მონაწილეობა მიიღეს საქართველოში მცხოვრებმა თურქეთის მოქალაქეებმა. თბილისის საელჩოს შენობასა და ბათუმის საკონსულოში ხმა 711-მა ადამიანმა მისცა. 416-მა მოქალაქემ ხმა მისცა საკონსტიტუციო ცვლილებების წინააღმდეგ (59.3%), 285-მა ერდოღანის მიერ შეთავაზებულ მოდელს მხარი დაუჭირა (40.7%). 10 ხმა გაბათილდა.

საკონსტიტუციო ცვლილებები, საპარლამენტოდან საპრეზიდენტო რესპუბლიკაზე გადასვლას, პრემიერის თანამდებობის გაუქმებას, საპარლამენტო მანდატების რაოდენობის გაზრდას (550-დან 600-მდე) და უზენაესი სასამართლოს და პროკურორების კოლეგიის რეფორმირებას ითვალისწინებს.

კომენტარები ()