imedi /  20 აპრილი 2017, 19:39 / სანდო წყარო

საია: პარლამენტში სუს-ის ანგარიშის მოსმენისას საჯარო ინტერესი შეიზღუდა

"ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციას" მიაჩნია, რომ პარლამენტში სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ანგარიშის მოსმენისას საჯარო ინტერესის დაკმაყოფილების შესაძლებლობა შეიზღუდა. ამის შესახებ საია განცხადებას ავრცელებს.

ორგანიზაციის აზრით, გასათვალისწინებელია სუს-ის საქმიანობის სპეციფიკა და მასთან დაკავშირებული სახელმწიფო საიდუმლოების დაცვის მნიშვნელობა, "თუმცა ამავდროულად, მნიშვნელოვანია სამსახურის საქმიანობის მიმართ მაღალი საჯარო ინტერესის დაკმაყოფილება. შესაბამისად, აუცილებელია ამ ორ ლეგიტიმურ ინტერესს შორის გონივრული ბალანსის დადგენა, რაც არც ერთ სხდომაზე არ განხორციელებულა."

საია-ს განცხადებით, ანგარიშის საკომიტეტო განხილვა საზოგადოებრივი მონიტორინგის განხორციელების ერთადერთ ფორმატს წარმოადგენს, სადაც დაინტერესებულ პირებს შესაძლებლობა აქვთ დასვან შეკითხვები და მიიღონ შესაბამისი პასუხები. 

"სადავო საკითხს არ წარმოადგენს სამსახურის საქმიანობასთან დაკავშირებული სენსიტიური ინფორმაციის დახურულ ფორმატში განხილვის საჭიროება, თუმცა ფართო საზოგადოების ისედაც მწირი შესაძლებლობის სრულად მოსპობა, არაპროპორციულად ზღუდავს საჯარო ინტერესის დაკმაყოფილების შესაძლებლობას და ვერ იქნება გამართლებული სახელმწიფო უსაფრთხოების სახელით," - წერია განცხადებაში.

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსმა ვახტანგ გომელაურმა პარლამენტს ყოველწლიური ანგარიში 19 აპრილს წარუდგინა. ანგარშში მან რამდენიმე საკითხზე გაამახვილა ყურადღება. მათ შორის იყო საქართველოს ტერიტორიაზე რადიოაქტიური ნივთიერების უკანონო ბრუნვის კონტროლი, სირიასა და ერაყში ტერორისტული მიზნებით საქართველოს მოქალაქეების ყოფნა და ჯაშუშობაში შემჩნეული პირების მიმართ სუს-ის მიერ განხორციელებულ ოპერატიულ საქმიანობა. 

კომენტარები ()