imedi /  21 აპრილი 2017, 14:52 / სანდო წყარო

უნგრეთის პრემიერ მინისტრმა ქართულ და უნგრულ ენებში ერთნაირი სიტყვები აღმოაჩინა

საქართველო უნგრეთს მნიშვნელოვან სავაჭრო პარტნიორად განიხილავს,- ეს განცხადება პრემიერ მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა უნგრეთ-საქართველოს ბიზნეს ფორუმზე სიტყვით გამოსვლისას გააკეთა. კვირიკაშვილი დარწმუნებულია, რომ ბიზნეს ფორუმი ორი ქვეყნის ძლიერ პოლიტიკურ ურთიერთობებს ძლიერ ეკონომიკურ თანამშრომლობად გარდაქმნის. 

პრემიერის განმარტებით, საქართველო ინვესტორებს საუკეთესო ბიზნეს გარემოს სთავაზობს და ინვესტიციების შესაძლებლობებისთვის მოწინავე ქვეყანაა. კვირიკაშვილის განცხადებით, მთავრობა მოგების გადასახადის გადახედვას ინვესტორების მოსაზიდად გეგმავს.

უნგრეთის პრემიერ მინისტრმა ვიქტორ ორბანმა უნგრელ ბიზნესმენებს მოუწოდა, საქართველოსა და რუსეთს შორის არსებული კონფლიქტის მიუხედავად, საქართველო ინვესტორებისთვის სანდო ქვეყანად აღიქვან. „მინდა, უნგრეთის დელეგაციას გავუზიარო ჩემი პერსონალური შეხედულება და დავარწმუნო, რომ თქვენი ქვეყანა ნამდვილად სტაბილურია. საქართველოს მთავრობა ატარებს მთელ რიგ რეფორმებს - ბიუროკრატიის შემცირებისა და განათლების სისტემის ფორმაციის ჩათვლით. უნგრეთი მხარს უჭერს საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობას. მაგრამ ნება მომეცით გითხრათ, რომ ეკონომიკის ოპერირება ამ კონფლიქტზე საერთოდ არ არის დამოკიდებული“,- მიმართა ორბანმა უნგრელ ბიზნესმენებს.

დღესვე გახდა ცნობილი, რომ ქართველი სტუდენტებისთვის განკუთვნილი სტიპენდიების მოცულობა იზრდება და 50 სტუდენტის ნაცვლად უნგრეთში სწავლას 80 ქართველი სტუდენტი შეძლებს.

უნგრეთის პრემიერის თქმით, საქართველოში ვიზიტის მომზადებისას აღმოაჩინა რამდენიმე სიტყვა, რომელიც ორივე ენაში ერთნაირია, მათ შორის, ხიდი და თეფში.

კომენტარები ()