imedi /  21 აპრილი 2017, 15:00 / სანდო წყარო

პარლამენტში ნარკოპოლიტიკასთან დაკავშირებული კანონპროექტის განხილვა გადაიდო

საქართველოს პარლამენტი

დღეს, პლენარულ სხდომაზე ნარკოპოლიტიკასთან დაკავშირებით მთავრობის მიერ ინიცირებულ კანონპროექტის განხილვა პირველი მოსმენით უნდა მომხდარიყო. ამისთვის ქუთაისში, იუსტიციის მინისტრის მოვალეობის შემსრულებელი ალექსანდრე ბარამიძე ჩავიდა, თუმცა მმართველ გუნდში არსებული აზრთა სხვადასხვაობის გამო, ცვლილებების განხილვა გადაიდო. 

საპარლამენტო ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე მამუკა მდინარაძე ცვლილებების განხილვის გადადების მიზეზებზე საუბრობს. მისი თქმით, ამ საკითხზე "ქართულ ოცნებაში" აზრთა სხვადასხვაობაა.

„საერთო წესზე ვთანხმდებით, რომ მომხმარებლების მიმართ რამდენადაც ლიბერალური უნდა ვიყოთ, გამსაღებლების მიმართ ამდენად მკაცრები უნდა ვიყოთ. კონკრეტულ საკითხებთან მიმართებაში, მაგალითად, როცა საკონსტიტუციო სასამართლომ ერთი დაადგინა და მთავრობამ ნარკოპოლიტიკის მიმართ კიდევ უფრო გაფართოებული მიდგომა შემოგვთავაზა, ვცდილობთ, რომ საერთო კონსესუსი იყოს ჩამოყალიბებული და საკითხი სესიაზე ასე გამოვიტანოთ. ამის გადადება ამიტომ მოხდა. ვფიქრობთ, რომ კონსესუსი მიღწევადია“, - განაცხადა მდინარაძემ.

არსებული ინფორმაციით, ამ საკითხზე უმრავლესობის გუშინდელ დახურულ სხდომაზეც ისაუბრეს, სადაც ცვლილებების წინააღმდეგ „კონსერვატორები“ და კიდევ რამდენიმე დეპუტატი წავიდნენ.

ცვლილებები ეხება როგორც სისხლის სამართლის, ისე ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსს და ითვალისწინებს ჰუმანურ მიდგომას მომხმარებლის, ხოლო მკაცრ დამოკიდებულებას გამსაღებლის მიმართ.

კანონპროექტით, კანაფისა და მარიხუანის მცირე ოდენობით დამზადების, შეძენა-შენახვის, გადაზიდვისა და მოხმარებისათვის სასჯელის სახით თავისუფლების აღკვეთა უქმდება, ხოლო მოხმარებისთვის ჯარიმა 500 ლარიდან 300 ლარამდე მცირდება. თავისუფლების აღკვეთის სასჯელი ასევე უქმდება კანაფის დათესვისთვისაც, თუ მისი წონა დიდ ოდენობას (140 გრამი) არ აღემატება.

ცვლილებებათა  პაკეტის ავტორი იუსტიციის სამინისტროა. ყველა საკანონმდებლო ინიციატივა საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილებებიდან გამომდინარეობს.

2015 წლის 24 ოქტომბერს საკონსტიტუციო სასამართლომ დააკმაყოფილა ბექა წიქარიშვილის სარჩელი და პირადი მოხმარების მიზნით მარიხუანის შეძენა/შენახვისთვის სასჯელის სახით თავისუფლების აღკვეთის გამოყენება არაკონსტიტუციურად ცნო. 

კომენტარები ()