imedi /  21 აპრილი 2017, 16:24 / სანდო წყარო

პარლამენტმა "საგზაო მოძრაობის შესახებ" კანონი მესამე მოსმენით მიიღო

საქართველოს პარლამენტმა ”საგზაო მოძრაობის შესახებ“ კანონში ცვლილებები დაამტკიცა. კანონპროექტს დღეს მესამე მოსმენით უყარეს კენჭი. ცვლილებებს 89 დეპუტატმა დაუჭირა მხარი, წინააღმდეგ არავინ წასულა.

საუბარია 100 ქულიან სისტემაზე, რომლის ამოქმედების შემდეგაც დარღვევები სწორედ ამ ქულების შემცირებას გამოიწვევს. ცვლილებების თანახმად, მინიჭებული ქულების ნულამდე დაყვანის შემთხვეევაში, მძღოლს მართვის უფლება შეუწყდება. მოწმობის აღების მიზნით, პირი იძულებული იქნება გამოცდა ხელახლა ჩააბაროს ან დაელოდოს 12-ი თვის გასვლას. ამ პერიოდის შემდეგ მისი მოწმობა ავტომატურად შევა ძალაში.

კიდევ უფრო მკაცრდება კანონმდებლობა ნასვამი მძღოლების მიმართ. თუ მძღოლი საკუთარ მანქანას ალკოჰოლური ზემოქმედების ქვეშ მყოფ სხვა ადამიანს ათხოვებს, მას 30 ქულა ჩამოეჭრება. ხოლო თუ თავად მართავს მანქანას ნასვამ მდგომარეობაში, მართვის მოწმობა ავტომატურად ჩამოერთმევა.

ქულათა სისტემის ამოქმედებასთან ერთად მუშაობას იწყებს უკონტაქტო პატრულიც. სპეციალური ვიდეოკამარების მიერ აღმოჩენილი დარღვევები ქულების ჩამოჭრას არ გამოიწვევს, თუმცა მძღოლს ფინანსური სანქიების შესახებ ინფორმაცია სახლში მიუვა.

კანონპროექტი ძალაში სავარაუდოდ შემოდგომიდან შევა.

კომენტარები ()