imedi /  21 აპრილი 2017, 16:51 / სანდო წყარო

არასამთავრობოები საკონსტიტუციო კომისიას ალტერნატიულ წინადადებებს დღეს გადაუგზავნიან

ვახუშტი მენაბდე

საკონსტიტუციო კომისიას არასამთავრობო ორგანიზაციების ალტერნატიულ წინადადებები დღის ბოლომდე გადაეგზავნება. ფონდ "ღია საზოგადოება-საქართველოს" ოფისში დახურული სხდომაზე კონსულტაციები რამდენიმე საათი მიმდინარეობდა, რომლის შემდეგაც მესამე სექტორის წევრები ამბობენ, რომ მათ წინადადებებში აქცენტი გაკეთდება საარჩევნო სისტემაზე.

"ხვალ 12 საათზე საზოგადოება ჩვენს შეთავაზებას გაიგებს. რაც შეეხება იმას, რა არ მოგვწონს, მოხარულები ვართ, რომ მაჟორიტარული სისტემა უქმდება, მაგრამ ცვლილებები დაუმსახურებელ მანდატებს არასწორად ანაწილებს და ზღუდავს საარჩევნო ბლოკების საქმიანობას,"-განაცხადა კონსტიტუციონალისტმა ვახუშტი მენაბდემ.

საკონსტიტუციო ცვლილებების პროექტი კომისიის წევრებს 2 დღის წინ გადაეგზანათ. პროექტის მიხედვით: საქართველოს პრეზიდენტს ირჩევს საარჩევნო კოლეგია, უქმდება მაჟორიტარული სისტემა, კონსტიტუციით განისაზღვრება ოჯახის დეფინიცია, გენერალურ პროკურორს საქართველოს პარლამენტი ამტკიცებს და მისი არჩევის წესში საპეროკურორო საბჭო აღარ ფიგურირებს, მოსამართლეების წარდგენა-დანიშვნაში პრეზიდენტის უფლებები იზღუდება, ქვეყნის უზენაეს კანონს ემატება მე-11 თავი რომელიც ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციას უკავშირდება, პროექტში პარლამენტის ადგილსამყოფელი განსაზღვრული აღარ არის.

სამუშაო ვერსიის მუხლებზე და ალტერნატიულ წინადადებებზე კენჭისყრა 22 აპრილს ჩატარდება.

ცვლილებები საყოველთაო სახალხო განხილვების შემდეგ, პარლამენტის საშემოდგომო სესიაზე დამტკიცდება.

კომენტარები ()