imedi /  21 აპრილი 2017, 19:13 / სანდო წყარო

ხელვაჩაურში მურა დათვის ბელი იპოვეს

ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტში ნაპოვნი კავკასიური მურა დათვის ბელი აჭარიდან თბილისის ზოოპარკში გადაიყვანეს. ინფორმაცია გაზეთი „ბათუმელები“ ავრცელებს.

გაზეთის ცნობით, ტყიდან დათვის ბელის ხმა ხელვაჩაურის რაიონის სოფელ ჭარნალში მცხოვრებმა გაიგონა და გარემოსდაცვითი პატრულირების სამსახურს შეატყობინა. ადგილზე მისულმა თანამშრომლებმა დაახლოებით 2 თვის კავკასიური მურა დათვის ბელი იპოვეს. რადგან ბელი ჯერ ისევ პატარაა და ველურ ბუნებაში მარტო დაიღუპებოდა, ის გარემოსდამცველებმა ბათუმიდან თბილისში ჩაიყვანეს და ზოოპარკს მიაბარეს.

კავკასიური მურა დათვი წითელ ნუსხაშია შეტანილი და მას კანონი იცავს, თუმცა დათვზე ბრაკონიერობის შემთხვევები მაინც ფიქსირდება. სპეციალისტების თქმით, დათვის ბელი ადამიანთან ისე ვერ მოხვდება, თუ მას დედა არ მოუკლეს. 2012 წლის მონაცემებით, საქართველოში 1643 მურა დათვი ბინადრობს.

კომენტარები ()