imedi /  21 აპრილი 2017, 19:00 / სანდო წყარო

პრეზიდენტის ადმინისტრაციას კონსტიტუციაზე პლებისციტის ჩატარების იდეა მოსწონს

გიორგი მარგველაშვილი

საქართველოს პრეზიდენტის პოლიტიკურ მრჩეველს, ფიქრია ჩიხრაძეს მიაჩნია, რომ საკონსტიტუციო ცვლილებებზე პლებისციტის ჩატარების იდეა საინტერესოა. მისი თქმით, ამის მიზეზი კონსტიტუციაში ცვლილებების პროცესზე და კომისიის მუშაობაზე საყოველთაო კონსენსუსის არარსებობაა.

"გამომდინარე იქიდან, რომ საკონსტიტუციო ცვლილებების პროცესი და კომისიის მუშაობა არ წავიდა თანხმობის გზით არც პოლიტიკურ აქტორებთან და არც საზოგადოებასთან, ბუნებრივად გაჩნდა ასეთი მოსაზრებები. იმ შეხვედრებზე, რომელსაც პრეზიდენტი მართავს საზოგადოებასთან, ძალიან ხშირად ისმის ამ მიმართულებით მოსაზრებები, პრეზიდენტს მიმართავენ. პოლიტიკურ პარტიებში, ექსპერტულ წრეებში გაჩნდა ასეთი მოსაზრებები. რა თქმა უნდა, პრობლემურია, როდესაც კომისიამ მუშაობა დაამთავრა პრაქტიკულად ნულოვანი კონსენსუსით. კონსტიტუცია რომ აუცილებლად თანხმობის დოკუმენტი უნდა იყოს, ამაზე ორი აზრი არ არსებობს და ამაზე ვერავინ იკამათებს არგუმენტებით, აქედან გამომდინარე, იდეა თავისთავად საინტერესოა. ჩვენ კიდევ დავაკვირდებით, კიდევ გვექნება შეხვედრები, როგორ განვითარდება ეს იდეა და რამდენად იქნება კონსენსუსი ამ საკითხთან დაკავშირებით”, - განაცხადა ფიქრია ჩიხრაძემ. 

საკონსტიტუციო ცვლილებების საკითხზე პლებისციტის ჩატარების იდეით "ევროპული საქართველო" გამოვიდა. პარტიის ლიდერის, დავით ბაქრაძის თქმით, რეფერენდუმი ორ მთავარ საკითხს უნდა შეეხოს - პრეზიდენტის პირდაპირი არჩევის თემას და საპარლამენტო არჩევნების სისტემას.

ბოლო რამდენიმე დღეში, 73 წევრისგან შემდგარ სახელმწიფო საკონსტიტუციო კომისიას, ოპოზიციური პოლიტიკური პარტიების წარმომადგენელთა სახით, 14 წევრი გამოაკლდა.

საკონსტიტუციო კომისია 18-19 აპრილს დატოვეს "პატრიოტთა ალიანსმა" და "ნინო ბურჯანაძე - გაერთიანებულმა დემოკრატებმა". მანამდე, საკონსტიტუციო კომისია 10 აპრილს დატოვა პარტიამ "სახელმწიფო ხალხისთვის". 13 აპრილს კი კომისიის მუშაობას "ნაციონალურმა მოძრაობა" გამოეთიშა. 20 აპრილს კომისია დატოვეს "თავისუფალმა დემოკრატებმა" და "ევროპულმა საქართველომ".

საკონსტიტუციო კომისიამ მუშაობა 19 აპრილს დაასრულა და ცვლილებების პროექტი კომისიის წევრებს გადაეგზავნა. სამუშაო ვერსიის მუხლებზე და ალტერნატიულ წინადადებებზე კენჭისყრა 22 აპრილს ჩატარდება.  

კომენტარები ()