imedi /  10 მაისი 2017, 15:26 / სანდო წყარო

რომან კაკულია: შრომის ინსპექტირება სავალდებულო გახდება

რომან კაკულია

1 tv.ge-ის ცნობით, საქართველოს პარლამენტის დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტის თავმჯდომარემ რომან კაკულიამ განაცხადა, რომ ჯანდაცვის სამინისტროში მზადდება კანონპროექტი, რომლითაც შრომის ინსპექტირება სავალდებულო გახდება.

რომან კაკულიამ ტყიბულში დაღუპული მეშახტეების ოჯახის წევრებს მიუსამძიმრა და იმ საკანონმდებლო რეგულაციებზე ისაუბრა, რომელიც შრომის უსაფრთხოების დაცვას ეხება.

"დღეისთვის ეს სფერო დარეგულირებულია "შრომის კოდექსის" 35-ე მუხლით, ასევე "წიაღის შესახებ" კანონითა და მთავრობის სპეციალური დადგენილებით, რომელიც ასეთი ტიპის შახტებში უსაფრთხოების ნორმებს ადგენს. "წიაღის შესახებ" კანონის მიხედვით, დამსაქმებელს გაწერილი ვალდებულება აქვს, რათა უსაფრთხოების ნორმები დაცული იყოს,  იმ პირთა წრე განსაზღვროს, რომელთაც კანონის შესაბამისი ქმედებები უნდა შეიმუშაონ და პერიოდულად, ამ წესებთან დაკავშირებით, საწარმოში მომუშავე ადამიანების ინსტრუქტაჟი და ინფორმირება გააკეთონ. ამ ყველაფერს გამოძიება შეისწავლის. წინასწარი მონაცემებით, იმ ინფორმაციაზე დაყრდნობით, რაც თვითმხელებისგან გვაქვს, ასეთი მოსაზრება იკვეთება, რომ შესაძლებელია, ადგილი ჰქონდეს უსაფრთხოების ნორმების დარღვევას ადგილზე. ცხადია, ამ ყველაფერს გამოძიება დაადგენს“,-განაცხადა კაკულიამ.

დეპუტატი ამბობს, რომ არსებული კანონმდებლობით, შრომის ინსპექტირების ყველაზე მთავარი ხარვეზია, რომ ის არ არის სავალდებულო. სწორედ ამ ხარვეზის გამოსწორება მოხდება ახალი კანონპროექტით და შრომის ინსპექტორება სავალდებულო გახდება. რომან კაკულიას ცნობით, ცვლილებების ინიცირება მიმდინარე წლის საგაზაფხულო სესიაზე მოხდება.

ტყიბულის ერთ-ერთ შახტაში უბედური შემთხვევა 9 მაისს მოხდა - ბაგირის გაწყვეტის შედეგად 4 მეშახტე 400 მეტრის სიმაღლიდან გადავარდა. ოთხივე მეშახტე დაიღუპა. 

კომენტარები ()