imedi /  13 მაისი 2017, 09:04 / სანდო წყარო

საგანელიძე: აფხაზეთის დელეგაცია ფორუმში არ მონაწილეობდა

დავით საგანელიძე

"საპარტნიორო ფონდის" აღმასრულებელი დირექტორი დავით საგანელიძე ეხმაურება ჩინეთში ჩინური ჩაის საერთაშორისო ბიზნესფორუმზე გადაღებული ფოტოს შესახებ მედიაში გავრცელებულ ინფორმაციას, სადაც მასთან და სხვა დელეგაციების წევრებთან ერთად თითქოსდა იმყოფება აფხაზეთის დელეგაციის წევრი. საპარტნიორო ფონდის აღმასრულებელი დირექტორი ასევე ეხმაურება მისი ხელფასის შესახებ გავრცელებულ ინფორმაცისაც:

"აფხაზეთის დელეგაცია ბიზნესფორუმში არ მონაწილეობდა. ფორუმში მონაწილეობდა რუსეთის დელეგაცია, რომლის შემადგენლობაშიც იყო ფოტოზე წარმოდგენილი სენერ გოგუა. მისი ვინაობა მედიაში ინფორმაციის გავრცელების შემდეგ შევიტყვე.

რაც შეეხება ოსებთან და აფხაზებთან ურთიერთობას, რომელთაც სამხედრო კონფლიქტებში მონაწილეობა არ მიუღიათ, საქმიანი ვიზიტების დროს მათთან ურთიერთობა თუ მომიწევს, მზად ვარ, ხელი ჩამოვართვა და ჩვენს საერთო ტკივილზე ვესაუბრო.

კატეგორიულად ვაცხადებ, ნებისმიერ ღონისძიებაში, სადაც აფხაზეთი დამოუკიდებელ ქვეყნად იქნება წარმოდგენილი, გამორიცხულია მონაწილეობა მივიღო.

ასევე არასწორია ჩემი ხელფასის შესახებ გავრცელებული ინფორმაციაც, რომ თითქოს ის 33.000 ლარს შეადგენს. ეს არის სიცრუე. ვარ რიგით მე-5 და ყველაზე დაბალანაზღაურებადი დირექტორი წინამორბედებთან შედარებით. ჩემი ამჟამინდელი ხელფასი შეადგენს 16 000 ლარს. ქველმოქმედების მიზნით, ყოველთვიურად ვრიცხავ თანხას სამედიცინო უნივერსიტეტის ხუთივე ფაკულტეტის თითო საუკეთესო სტუდენტისთვის; იმ საჯარო და მუსიკალური სკოლების წარჩინებული მოსწავლეებისთვის, სადაც ვსწავლობდი; ჯერ კიდევ პარლამენტარობის დროს და ახლაც ვაგრძელებ ონის და ამბროლაურის სკოლების საუკეთესო მოსწავლეებისთვის; ონკოლოგიის ცენტრის ბავშვთა განყოფილებისთვის.

ხელფასიდან ვიღებ იმდენივეს, რაც პარლამენტში მქონდა.

მიუხედავად იმისა, რომ არ ვარ საჯარო მოხელე და არ მევალება ქონებრივი დეკლარაციის შევსება, საჯარო ინტერესიდან გამომდინარე, შევავსე დეკლარაცია, გავასაჯაროვე შემოსავლები.

გავრცელდა არასწორი ინფორმაცია სამსახურებრივი ავტომობილის სარემონტო ხარჯების შესახებაც. გადავაადგილდები ნიკა გილაურის ხელმძღვანელობის პერიოდში შეძენილი ავტომობილით, რომლის გარემონტებაზე 2017 წელს დაიხარჯა 120 ლარი და არა - 120 000.

ამ თემებზე საუბარი არ მსურდა, მაგრამ რადგან სპეკულაციები არ სრულდება, საჭიროდ ჩავთვალე, საზოგადოებისთვის სწორი ინფორმაცია მიმეწოდებინა".

კომენტარები ()