Imedi /  17 მაისი 2017, 13:53 / სანდო წყარო

პროფესიულ სასწავლებლებში ჩარიცხულ დევნილებს ტრანსპორტის ხარჯები დაუფინანსდებათ

პროფესიულ საგანმანათლებლო დაწესებულებებში 2016-2017 წლებში ჩარიცხულ ყველა დევნილს სწავლის პერიოდში ტრანსპორტირების ხარჯები დაუფინანსდება.

განაცხადების მიღება 17 მაისს დაიწყო და 20 ივნისამდე გაგრძელდება, დევნილთა საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოში (თბილისი, თამარაშვილის 15ა). შესაძლებელია სკანირებული განაცხადის (დოკუმენტებთან ერთად) გაგზავნა - info@livelihood.gov.ge.

განაცხადს უნდა ერთვოდეს:

1. განმცხადებლის პირადობის მოწმობის ასლი;

2. დევნილის სტატუსის დამადასტურებელი მოწმობის ასლი;

3. ცნობა სასწავლებლიდან, ჩარიცხვის წლის მითითებით;

4. განმცხადებლის სახელზე გახსნილი საბანკო ანგარიშის რეკვიზიტები;

5. ამონაწერი სოციალურად დაუცველ ოჯახთა მონაცემთა ბაზიდან (თუ განმცხადებელი სოციალურად დაუცველია).

კერძო ტრანსპორტის მოთხოვნის შემთხვევაში, განაცხადს უნდა ერთვოდეს საჭიროების დამადასტურებელი დოკუმენტი, მაგ: შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირის ცნობა, ფორმა N100 და ა.შ.

ბენეფიციარი უნდა აკმაყოფილებდეს შემდეგ კრიტერიუმებს:

1. რეგისტრირებული იყოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტროს მონაცემთა ბაზაში და ჰქონდეს დევნილის აქტიური სტატუსი;

2. სწავლობდეს სახელმწიფო პროფესიულ საგანმანათლებლო დაწესებულებაში;

3. სახელმწიფო პროფესიულ საგანმანათლებლო დაწესებულებაში ჩარიცხული იყოს 2016-2017 წლებში.

2017 წელს პროგრამისთვის სახელმწიფო ბიუჯეტიდან 140 000 ლარი გამოიყო, რაც ყველა განაცხადის დასაკმაყოფილებლად საკმარისი თუ არ იქნება, პრიორიტეტი სოციალურად დაუცველ დევნილებს მიენიჭება.

კომენტარები ()