imedi /  18 მაისი 2017, 09:43 / სანდო წყარო

საკონსტიტუციო სასამართლომ ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებზე ცხოვრების ორწლიანი ცენზი გააუქმა

საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლომ დააკმაყოფილა კახა კუკავას კონსტიტუციური სარჩელი, რომელიც შეეხებოდა საკრებულოს წევრობის კანდიდატის მიმართ ბინადრობის ორ წლიან ცენზის გაუქმებას შეეხებოდა. კახა კუკავას ინტერესებს სასამართლოში "ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია" იცავდა. 

„გასაჩივრებული იყო „საარჩევნო კოდექსის“ ის ნორმები, რომლებიც მოქალაქეს უკრძალავდა გამგებლის, მერის, ასევე საკრებულოს წევრის არჩევნებში მონაწილეობას, თუკი კანდიდატი არჩევნებამდე ბოლო ორი წლის განმავლობაში არ ცხოვრობდა საქართველოში. საკონსტიტუციო სასამართლომ მერთან და გამგებელთან მიმართებაში დაადგინა კონსტიტუციის 29 მუხლის (თანამდებობის დაკავების უფლება) დარღვევა, ხოლო საკრებულოს წევრთან მიმართებაში კონსტიტუციის 28 მუხლის (პასიური საარჩევნო უფლება) დარღვევა. ამ გადაწყვეტილების შემდეგ აღარ არსებობს ბინადრობის 2 წლიანი ცენზი“, -განაცხადეს საია-ში.

საკონსტიტუციო სასამართლოს განცხადებაში ნათქვამია, რომ საკრებულოს წევრობის კანდიდატისთვის დადგენილი მოთხოვნების კონსტიტუციურობის შემოწმებისას საკონსტიტუციო სასამართლომ აღნიშნა, რომ არჩევითი თანამდებობის დასაკავებლად ცენზის/მოთხოვნის დაწესება არ არის შეუთავსებელი დემოკრატიულ მმართველობასთან. იმავდროულად, სასამართლომ მიიჩნია, რომ კონსტიტუციით გათვალისწინებულ არჩევნებზე დაუშვებელია კონსტიტუციით გაუთვალისწინებელი მოთხოვნის დაწესება და ამ უფლების შეზღუდვის ლეგიტიმური მიზანი ვერ იქნება საუკეთესო კანდიდატის ან/და ასარჩევ თანამდებობასთან ობიექტურად ყველაზე მეტად შესაფერისი კანდიდატის შერჩევის უზრუნველყოფა. საკონსტიტუციო სასამართლოს განმარტებით, გამონაკლისი შეიძლება დაწესდეს მაშინ, როდესაც კანონით დადგენილი მოთხოვნის მიზანია იმ საფრთხეების პრევენცია, რომლებიც გამომდინარეობს ამა თუ იმ პირის თანამდებობაზე არჩევიდან. სასამართლომ განმარტა, რომ საკრებულოს არჩევნები გათვალისწინებულია საქართველოს კონსტიტუციით, თუმცა  კონსტიტუცია არ ადგენს სადავო ნორმებით განსაზღვრულ სპეციალურ მოთხოვნებს/ცენზებს საკრებულოს წევრთან მიმართებით. ამასთან, მოპასუხე მხარეს არ მიუთითებია რაიმე საფრთხეზე, რომლის პრევენციასაც სადავო ნორმები ემსახურება და ეს არც სადავო რეგულირების არსიდან გამომდინარეობს.

კომენტარები ()