imedi /  18 მაისი 2017, 13:24 / სანდო წყარო

შეზლონგებისა და მზისგან დამცავი ქოლგების ფასი წინასწარ განისაზღვრა

ბათუმის ბულვარში წელს შეზლონგი სამი ლარი, ქოლგა მთელი დღით ერთი ლარი ეღირება. სსიპ „ბათუმის ბულვარმა“ შეზლონგებისა და მზისგან დამცავი ქოლგების გაქირავების ფასი წინასწარ დაადგინა. ინფორმაციას „ბათუმელები“ ავრცელებს.

ბულვარის ადმინისტრაციის ინფორმაციით, აუქციონები დასრულდა და გამარჯვებულები გამოვლენილია. ფასი კი დამსვენებლების პრეტენზიების გამო განისაზღვრა. წელს ტურისტულ სეზონზე შეზლონგების გამქირავებლებს უნიფორმაც ეცმევათ.  

ადმინისტრაციის ინფორმაციით, მოიჯარეებს უფლება არ აქვთ, მოქალაქეებს ზღვაზე გადასასვლელი ჩაუკეტონ. „შეზლონგები ზღვიდან ათი მეტრის დაშორებით იქნება განთავსებული, რადგან იყო პრეცედენტი, როცა მოქალაქეებს, რომლებიც არ ქირაობდნენ შეზლონგებს, პლაჟზე თავისუფლად გადაადგილება ეზღუდებოდათ.  მსგავს ფაქტებს ჩვენ გავაკონტროლებთ. გარდა ამისა, შეზლონგები მოწესრიგებული ან ახალი უნდა იყოს“, – აცხადებენ ბულვარის ადმინისტრაციაში.

წელს პლაჟზე  20 ახალი უფასო საშხაპე და ამდენივე გასახდელი დამონტაჟდება.

 

 

 

კომენტარები ()