imedi /  19 ივნისი 2017, 08:19 / სანდო წყარო

ოჯახს არ სჯერა, რომ სოსო ოსორაული დაღუპულია

სოსო ოსორაული

კონგოში ქართველი სამხედროს გარდაცვალების შესახე „იმედის კვირაში“ გასულ ინფორმაციას სოსო ოსორაულის მეუღლე გამოეხმაურა. საუბარია დაჯგუფება „23 მარტის“ პოლიტიკური ლიდერის ინტერვიუზე, სადაც ბერტრან ბისიმამ ქართველი სახმედროს გარდაცვალება დაადასტურა.

ოსორაულის მეუღლე ამ ინფორმაციას არ ენდობა და განმარტავს, რომ ჯარისკაცის გარდაცვალების შესახებ, არც კონგოს და არც ქართული მხარის დასკვნა არ არსებობს. ნინო ოსორაული საგარეო საქმეთა სამინისტროს მოუწოდებს, თავი შეიკავონ წინასწარი განცხადებებისგან, სანამ საკითხს ბოლომდე გამოიძიებენ. ქართველი სამხედროს მეუღლე აცხადებს, რომ თუ სოსო ოსორაული დაღუპულია, მაშინ ქართულმა მხარემ, ამის დასამტკიცებლად, ცხედარი ქვეყანაში უნდა გადმოასვენოს.

ოსორაულის ტყვედ ჩავარდნის შესახებ ინფორმაცია 22 თებერვალს, სამხედრო ბლოგერმა და უფლებადამცველმა დავით ნემსაძემ Facebook-ზე გაავრცელა. დავით ნემსაძემ მთავრობას ქართველი მფრინავის ტყვეობიდან დახსნისკენ მოუწოდა.

სოსო ოსორაული წლების განმავლობაში ქართულ ჯარში მსახურობდა. თავდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, ის შეიარაღებული ძალებიდან 2015 წელს, საკუთარი განცხადების საფუძველზე წავიდა.

24 მაისს, საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილის განცხადებით, კონგოში მომხდარი შეტაკებების დროს ოსორაული, სავარაუდოდ, დაიღუპა, თუმცა მოგვიანებით, ბრიგადის გენერალმა, ამირან სალუქვაძემ განაცხადა, რომ ქართველი მფრინავის შესახებ, სხვა იქ მყოფი სამხედროებისგან მიიღო ინფორმაცია და ის ცოცხალია.

 

 

კომენტარები ()