imedi /  19 ივნისი 2017, 12:02 / სანდო წყარო

გზების დეპარტამენტი ქუთაისის შემოვლით გზასთან დაკავშირებით მძღოლებს მიმართავს

საავტომობილო გზების დეპარტამენტი იმ მძღოლებისთვის ინფორმაციას ავრცელებს, რომლებიც ქუთაისი-სამტრედიის შემოვლით გზაზე მოძრაობენ.

საავტომობილო გზების დეპარტამენტის ცნობით, დასავლეთის მიმართულებით მოძრავი ავტოტრანსპორტი (ქუთაისი-სამტრედიის მიმართულებაზე ) მოძრაობს ძველი თბილისი-სენაკი-ლესელიძის საავტომობილო გზის გამოყენებით (ქალაქ ქუთაისის გავლით). აღმოსავლეთის მიმართულებით მოძრაობა ხორციელდება ცალმხრივად (სამტრედია-ქუთაისის  მიმართულებაზე).

„აღნიშნულ მიმართულებაზე დაფიქსირდა მრავალი დარღვევა და დაწესებული რეჟიმის დაუმორჩილებლობა, შექმნილი ვითარებიდან გამომდინარე, საავტომობილო გზების დეპარტამენტი გთხოვთ, იმოძრაოთ საავტომობილო წესების დაცვით და დაემორჩილოთ საავტომობილო გზებზე დაწესებულ რეჟიმებს“, - წერია დეპარტამენტის განცხადებაში.

ამჟამად, საერთაშორისო მნიშვნელობის თბილისი-სენაკი-ლესლიძის საავტომობილო გზის  ქუთაისის შემოსავლელი–სამტრედიის მონაკვეთზე საგზაო მოძრაობის უსაფრთხოების დამატებითი ღონისძიებების განხორციელება მიმდინარეობს.

„სამუშაოების დასრულებისთანავე  ქუთაისის შემოვლითი-სამტრედიის მონაკვეთზე მოძრაობა აღდგება ორმხრივად და მძღოლები შეძლებენ იმოძრაონ განათებული, კიდევ უფრო უსაფრთხო და გამართული ინფრასტრუქტურით. ამ დროისათვის საავტომობილო მიმოსვლა შსს საპატრულო პოლიციის უშუალო ზედამხედველობით და კოორდინაციით მიმდინარეობს", - ნათქვამია საავტომობილო გზების დეპარტამენტის ინფორმაციაში.

კომენტარები ()