imedi /  19 ივნისი 2017, 18:18 / სანდო წყარო

გიორგი ანდრიაძე მეუფე პეტრეს დებატებში იწვევს

გიორგი ანდრიაძე

"პატრიარქის ფონდის" მმართველი საბჭოს წევრი გიორგი ანდრიაძე დეკანოზ გიორგი მამალაძის საქმესთან დაკავშირებით,  პირდაპირ ეთერს და დებატებს კიდევ ერთხელ ითხოვს. ინფორმაციას სააგენტო ipn ავრცელებს.

"ვთხოვდი ტელევიზიებს, რომ პირდაპირ ეთერში მოეწვიათ მეუფე პეტრე, ან მისი წარმომადგენელი, ადვოკატები ან ვინმე სხვა და გვემსჯელა ციანიდის საქმეზე. კიდევ ერთხელ ვაფიქსირებ, რომ ეს საქმე არის „ხაფანგი“ ეკლესიის წინააღმდეგ. საერთოდ, ვფიქრობ, რომ ციანიდი ამ საქმეში არ ფიგურირებს ანუ, მამა გიორგის სასამართლოზე გამართლება ელოდება და ამის ფონზე მეუფე პეტრეს - გამარჯვება. გამოძიებამ საქმე სასამართლოს ისე გადასცა, რომ დეკანოზ გიორგი მამალაძის მიერ ციანიდის შეძენის ფაქტი ვერ დააფიქსირა. გამოდის, რომ საქმე „შეკერილია“. ჩანაწერებში ციანიდის გადაცემის ფაქტი არ დასტურდება. თუ საქართველოს სასამართლომ დეკანოზი გიორგი მამალაძე არ გაამართლა, მაშინ მას ევროპის სასამართლო გაამართლებს, როგორც ეს ტელეკომაპანია „რუსთავი 2“-ის შემთხვევაში მოხდა", - განაცხადა გიორგი ანდრიაძემ. 

დეკანოზი გიორგი (მამალაძე) მკვლელობის მომზადების ბრალდებით თბილისის საერთაშორისო აეროპორტში 10 თებერვალს დააკავეს. ის ბერლინში პატრიარქთან მიფრინავდა. ილია მეორეს HELIOS Klinikum Berlin-Buch-ში ოპერაციისთვის ამზადებდნენ. ჟურნალისტმა ირაკლი მამალაძემ პროკურატურას აცნობა, რომ მამა გიორგიმ ციანიდის მოძიებაში დახმარება სთხოვა, რითაც მაღალი იერარქიის სასულიერო პირი უნდა მოეწამლა.

დეკანოზს საქმის განხილვა თბილისის საქალაქო სასამართლოში 23 ივნისს განახლდება.

კომენტარები ()