imedi /  19 ივნისი 2017, 18:49 / სანდო წყარო

კვირიკაშვილი: პატრიარქის განცხადებასა და საკონსტიტუციო ცვლილებებს ერთმანეთთან კავშირი არ აქვს

გიორგი კვირიკაშვილი

საქართველოს პრემიერმინისტრი გიორგი კვირიკაშვილი პატრიარქის განცხადებას ქვეყანაში კონსტიტუციური მონარქიის აღდგენასთან დაკავშირებით გამოეხმაურა.

მისი თქმით, პატრიარქის განცხადებისა და საკონსტიტუციო ცვლილებების ერთმანეთთან დაკავშირება შეცდომით მოხდა.

"რამდენად მე ვუსმენდი კომენტარებს, ძირითადად ოპოზიციის, პატრიარქის განცხადების საკონსტიტუციო ცვლილებებთან დაკავშირება არასწორად მოხდა. არანაირი კავშირი ამ ორ საკითხს აქვს. საკონსტიტუციო ცვლილებები, რომელზეც ვმუშაობთ, ძალიან მნიშვნელოვანი ცვლილებებია, რომელიც ვფიქრობთ, რომ ხდება დემოკრატიული განვითარების პროცესისთვის და წინგადადგმული ნაბიჯია. 

რაც შეეხება პატრიარქის განცხადებას, ჩვენ პატრიარქის უდიდესი პატივისცემა გვაქვს. მინდა, მას მადლობა გადავუხადო იმისათვის, რომ ის ძალიან ბევრს ფიქრობს ქვეყნის მომავალზე და, რა თქმა უნდა, ეს საკითხი, როგორც პატრიარქმა ბრძანა, არ არის არც დღეის და არც ხვალის, ამ საკითხის გადაწყვეტას შესაძლოა დასჭირდეს ათწლეული ან უფრო მეტი, ან ნაკლები. რა თქმა უნდა, ეს განცხადება საკმაოდ საინტერესოა და ვფიქრობთ, რომ ფართო საზოგადოებრივი ჩართულობით ასეთი მსჯელობა რომ შედგეს, ეს იქნება ძალიან დადებითი. 

ასეთი საკითხის გადაწყვეტა უნდა მოხდეს ფართო საზოგადოებრივი კონსენსუსით, მხოლოდ და მხოლოდ და რა თქმა უნდა ნაჩქარევი გადაწყვეტილებები არ გვმართებს", - განაცხადა გიორგი კვირიკაშვილმა.

"კონსტიტუციურ მონარქიას სიმშვიდე შემოაქვს ქვეყანაში. იქნებ გვეფიქრა, რომ საქართველო არის უძველესი მონარქია. დღეს ხშირი შემთხვევაა მსოფლიოში, როცა მონარქი ეწოდება, მეფე მეფობს, მაგრამ არ მართავს. ამას ეწოდება კონსტიტუციური მონარქია. ეს რა თქმა უნდა დღეს და ხვალ ვერ მოხდება, მაგრამ უნდა გავაანალიზოთ წარსული, დღევანდელი დღე და მომავალი", - თქვა პატრიარქმა საკვირაო ქადაგებაზე.

კომენტარები ()