imedi /  12 ივლისი 2017, 11:59 / სანდო წყარო

უკრაინის ელჩი: პოროშენკოს საქართველოში ვიზიტის ერთ-ერთი თემა რუსეთის პოლიტიკა იქნება

იგორ დოლგოვი

საქართველოში უკრაინის ელჩის ოგირ დოლგოვის განცხადებით, საქართველოს ოკუპირებულ რეგიონებში რუსეთი სამხედრო ძალების არსებობა საგანგაშო სიგნალია. ეს განცხადება მან საგარეო საქმეთა სამინისტროში დიპლომატიურ კორპუსთან გამართული შეხვედრის შემდეგ გააკეთა. მისი თქმით, რუსეთი ქმედებები უკრაინის პრეზიდენტის პეტრო პოროშენკოს საქართველოში ​ვიზიტის ერთ-ერთი მთავარი თემა იქნება. 

„ რუსეთის აგრესიული ქმედებები მიმართულია ქართველი ხალხის წინააღმდეგ, მშვიდობის თუ ნებისმიერი რომელიმე შეთანხმების წინააღმდეგ. უკრაინაშიც ვიცით მოსკოვის დაპირებების ფასი, რომლის ნდობაც არ შეიძლება. რაც საოკუპაციო ზოლთან ხდება, ეს ადამიანის უფლებების უპრეცედენტო დარღვევაა. დღევანდელ შეხვედრაზე ჩვენ ვისაუბრეთ ფაქტებზე, რომლებიც ადასტურებს, რომ ყოველდღიურად ხდება მცოცავი ოკუპაცია. უფრო და უფრო საშიში და საგანგაშო ხდება ე.წ. ბორდერიზაცია და მშვიდობის ნაცვლად, რუსეთი კიდევ უფრო აძლიერებს საკუთარი სამხედრო ძალის არსებობას ოკუპირებულ ტერიტორიებზე, რაც საგანგაშო სიგნალია“, - აღნიშნა იგორ დოლგოვმა.

საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე დავით დონდუა დღეს დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლებს შეხვდა. როგორც დონდუამ განმარტა, შეხვედრაზე პირველ რიგში მავთულხლართების და ხელოვნური ბარიერების გაბმაზე ისაუბრეს, რაც კიდევ უფრო ართულებს, ცხინვალის რეგიონსა და აფხაზეთში დარჩენილი ქართველი მოსახლეობის ისედაც მძიმე მდგომარეობას. 

უკრაინის პრეზიდენტი პეტრო პოროშენკო საქართველოს ივლისში ეწვევა. 

კომენტარები ()