imedi /  16 ივლისი 2017, 17:33 / სანდო წყარო

თბილისში მცხოვრებთა 92%-სთვის ნარკოტიკების მოხმარება გაუმართლებელია

კვლევითი ორგანიზაცია ACT Global-ი დაინტერესდა თუ რა დამოკიდებულება აქვთ თბილისში მცხოვრებლებს არანორმატიული და უკანონო ქმედებების ჩადენის მიმართ და ამ თემაზე კვლევა ჩაატარა. კვლევით აღმოჩნდა, რომ თბილისის მოსახლეობა ამ ტიპის საქციელის მიმართ შეუმწყნარებლობის მაღალი ხარისხით ხასიათდება.

კვლევამ აჩვენა, რომ თბილისში მცხოვრები ადამიანები ყველაზე ნეგატიურად სხვადასხვა უმცირესობების მიმართ მტრული დამოკიდებულების გამოვლენის ფაქტებს აფასებენ, განსაკუთრებით კი რელიგიური და ეროვნული უმცირესობის შემთხვევებში (გაუმართლებელია – 97%; 95%). თუმცა მტრული დამოკიდებულების გამოვლენის მიმართ დამოკიდებულება შედარებით ნაკლებად ნეგატიურია განსხვავებული სექსუალური ორიენტაციის წარმომადგენლების მიმართ (გაუმართლებელია – 80%).

მეუღლის ღალატის მიმართ თბილისში მცხოვრებთა ლოიალობის ხარისხი განსხვავდება "მოღალატის" სქესის მიხედვით – ქალის მიერ ღალატი ერთ-ერთი ყველაზე გაუმართლებელი საქციელია და ამას 96% იზიარებს, მაშინ, როდესაც კაცის ღალატის მიმართ დამოკიდებულება შედარებით ლმობიერია (82%).

ყველაზე გაუმართლებელი ქცევების სიაში ასევე შევიდა ნარკოტიკული საშუალებების მოხმარება (92%), გადასახადებისგან თავის არიდება (91%), ქრთამის აღება/მიცემა (90%).

კვლევის ფარგლებში ასევე გამოვლინდა ისეთი არანორმატიული ქმედებები, რომელთა მიმართ თბილისში მცხოვრებნი შედარებით შემწყნარებლები აღმოჩნდნენ: სიმთვრალე / ალკოჰოლიზმი (გაუმართლებელია – 65%), ნაპოვნი ნივთების / ფულის მითვისება (71%), პოლიციისთვის წინააღმდეგობის გაწევა (74%) და ჯარში მსახურობის თავიდან აცილება (75%) ის ქმედებებია, რომელთა ჩადენა საზოგადოების თვალში ყველაზე მეტად პოულობს გამართლებას.

გამოკითხვა 16-19 ივნისის პერიოდში ჩატარდა. მასში მონაწილეობა შემთხვევითი შერჩევის გზით თბილისის 400-მა ზრდასრულმა მოსახლემ მიიღო. მონაცემთა სტატისტიკური ცდომილება არ აღემატება 4.9%-ს. კვლევისას პირისპირ ინტერვიუს მეთოდი გამოიყენეს.

კომენტარები ()