imedi /  17 ივლისი 2017, 14:05 / სანდო წყარო

თურქმენეთთან სატრანსპორტო სფეროში თანამშრომლობა ღრმავდება

საქართველოში ოფიციალური ვიზიტით იმყოფება თურქმენეთის მინისტრთა კაბინეტის თავმჯდომარის მოადგილე, საგარეო საქმეთა მინისტრი რაშიდ მერედოვი. ის დღეს საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრს მიხეილ ჯანელიძეს შეხვდა. შეხვედრის შემდეგ გამართულ პრესკონფერენციაზე მიხეილ ჯანელიძემ განაცხადა, რომ საქართველოსა და თურქმენეთს განსაკუთრებული შესაძლებლობები აქვს და თურქმენეთს სატრანსპორტო ენერგეტიკული პროექტების განვითარებაში დიდი წვლილი შეაქვს.

„ჩვენ ამ მიმართულებებზე ვიმსჯელეთ. დავსახეთ კონკრეტული მიზნები, რომ ერთობლივად ვიმუშაოთ ამ შესაძლებლობების მაქსიმალურად ათვისებაზე. იზრდება ვიზიტორების რაოდენობა თურქმენეთიდან, რაც მისასალმებელია. გვინდა, ხელი შევუწყოთ პირდაპირ ავიარეისებს“, - განაცხადა მიხეილ ჯანელიძემ.

თურქმენეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა განაცხადა, რომ სატრანსპორტო სფეროში თანამშრომლობას საკმაოდ კარგი პერსპექტივა აქვს. „დარწმუნებული ვარ, ეს შეხვედრა სერიოზულ ნაბიჯს წარმოადგენს იმისთვის, რომ ჩვენი დიალოგი უფრო გაფართოვდეს და გაღრმავდეს ორმხრივი ურთიერთობა", - განაცხადა მერედოვმა.

მისივე თქმით, 28-29 ნოემბერს თურქმენეთში 22-ე ენერგოქარტიის ღონისძიება გაიმართება და მასში ქართული დელეგაციის მონაწილეობა მნიშვნელოვანია.

რაშიდ მერედოვის ვიზიტი საქართველოში თურქმენეთისა და საქართველოს დიპლომატიური ურთიერთობის დამყარების 25 წლის იუბილეს დაემთხვა.

დღესვე თურქმენეთის საგარეო საქმეთა მინისტრი საქართველოს პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა მიიღო.

რაშიდ მერედოვთან შეხვედრისას ორმხრივი ურთიერთობების განვითარების თვალსაზრისით სავაჭრო-ეკონომიკური და ენერგეტიკული თანამშრომლობის, ლაპის ლაზურისა და ტრანსკასპიური პროექტების განვითარების, ასევე, კასპიისა და შავი ზღვის რეგიონების თანამშრომლობის საკითხები განიხილეს.

ვიზიტის ფარგლებში თურქმენეთის საგარეო საქმეთა მინისტრის საქართველოს პრემიერმინისტრს შეხვდება.

კომენტარები ()