imedi /  17 ივლისი 2017, 14:44 / სანდო წყარო

„თვითმმართველობის კანონზე“ პრეზიდენტის ვეტოს საკითხი 21 ივლისამდე გადაწყდება

გიორგი მარგველაშვილი

პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი „ადგილობრივი თვითმმართველობის შესახებ“ კანონში ცვლილებებსა და „საარჩევნო კოდექსში“ ცვლილებებზე პოზიციას განსაზღვრულ ვადებში, 21 ივლისამდე დააფიქსირებს. ამის შესახებ, დღეს პრეზიდენტის საპარლამენტო მდივანმა ანა დოლიძემ განაცხადა.

„პრეზიდენტის წინაშე დღეს წარდგენილია ორი ძალიან მნიშვნელოვანი ცვლილება. ერთი ეხება - თვითმმართველობებს და 7 თვითმმართველი ქალაქის სტატუსის გაუქმებას, ხოლო მეორე - „საარჩევნო კოდექსში“ შესატან ცვლილებებს. პრეზიდენტი ამ საკითხებს ძალიან ყურადღებით და გულისხმიერად ეკიდება“, - ამბობს პრეზიდენტის საპარლამენტო მდივანი.

აღნიშნულ კანონებთან დაკავშირებით, არასამთავრობო ორგანიზაციები პრეზიდენტისგან ვეტოს დადებას მოითხოვენ. 

30 ივნისს, არასამთავრობო ორგანიზაციებმა, რომლებიც პარლამენტისგან თვითმმართველი ქალაქების სათემო მუნიციპალიტეტებთან გაერთიანების შესახებ დადგენილების გაუქმებას ითხოვენ, პრეზიდენტსაც მიმართეს და სთხოვეს, ხელი არ მოაწეროს კანონპროექტს საქართველოს ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსში შესატანი ცვლილებების შესახებ.

ოპოზიციური სპექტრი თვითმართველობის კოდექსთან დაკავშირებით, არასამთავრობოების პოზიციას იზიარებს „ევროპულ საქართველოს“, „ნაციონალურ მოძრაობას“ და „რესპუბლიკურ პარტიას“ მიაჩნია, რომ გიორგი მარგველაშვილმა კანონს ხელი არ უნდა მოაწეროს. 

"თვითმმართველობის შესახებ კანონში“ცვლილებების შესახებ  პარლამენტის შესაბამისი დადგენილება, რომელიც მმართველმა გუნდმა მიიღო, უკვე საკანონმდებლო მაცნეშიც გამოქვეყნდა.

კომენტარები ()